“დღეს ქვეყანაში თვისობრივად განსხვავებული საარჩევნო გარემოა, განსხვავებული აზრი არ იდევნება”

დღეს ქვეყანაში თვისობრივად განსხვავებული საარჩევნო გარემოა, განსხვავებული აზრი არ იდევნება – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა მესტიის მოსახლეობას, რომელსაც სვანეთის გაერთიანებული ოლქების კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარუდგინა.
გიორგი კვირიკაშვილმა გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი ყურადღება დაეთმო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს – ჯანდაცვას და სოციალურ მიმართულებას, რაზეც საქართველოს ბიუჯეტის მესამედზე მეტი – 3 მილიარდი ლარი იხარჯება.
„ეს იყო უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის, ვინაიდან, თუ არ გვეყოლება ჯანმრთელი მოსახლეობა და ადამიანს, საკუთარი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, უკანასკნელ ქონებაზე ხელის აღება მოუწევს, მაშინ არაფერს აქვს ფასი. ძალიან დიდი რესურსი დაიხარჯა სოფლის მეურნეობაზე – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული, არცერთ მთავრობას ამხელა ყურადღება არ დაუთმია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. დღეს ბავშვებისთვის აღარ არის საჭირო, სოფლიდან სოფელში სკოლაში ფეხით სიარული, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამაზეც დიდი რესურსი გამოვყავით. ჩვენ შევქმენით „სოლიდარობის ფონდი”, რომელშიც უამრავი ადამიანი საკუთარი სურვილით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, დამატებით, რასაც სახელმწიფო გაიღებს ჯანდაცვისთვის, აგროვებს რესურსს, რომ ძალიან რთულ დაავადებებზე, რომელთა მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება, ჩვენს ბავშვებს ვუმკურნალოთ უცხოეთში. ეს ყველაფერი იმისთვის გავაკეთეთ, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის გვეჩვენებინა სითბო, მეტი სიყვარული, რადგან 2011 წელს ამის საჭიროება ძალიან მძაფრად იგრძნობოდა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში თვისობრივად განსხვავებული საარჩევნო გარემოა, განსხვავებული აზრი არ იდევნება, სატელევიზიო ეთერში ხშირად ისმის არცთუ სამართლიანი კრიტიკა, მაგრამ ეს არის ის სინამდვილე, რომელიც “ქართულ ოცნებას” მოსწონს და რომლითაც აპირებს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ცხოვრების გაგრძელებას. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მთავარი მიღწევაა ის, რომ ადამიანის ღირსება დღეს უზენაესი და დაფასებულია. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა ამაყია, მაგრამ არა – თვითკმაყოფილი, ხედავს შეცდომებსაც, თუმცა მოსახლეობას სთავაზობს კონკრეტულ ნაბიჯებზე დაფუძნებულ ახალ გეგმას, რომლის მიზანია, საქართველოში ყველა ოჯახმა იგრძნოს ის კეთილდღეობა, რომლის შექმნის მყარი საფუძველი უკვე ჩაყრილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები