მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით თარიღების დასახელებას არასწორად მიიჩნევს

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით თარიღების დასახელებას არასწორად მიიჩნევს და აცხადებს, რომ თარიღებით სპეკულირება არ შეიძლება.
ამის შესახებ ჯანელიძემ რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის, რიკარდ იოზვაკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა.
„შეიძლება გარკვეულ ჟურნალისტს თავისი მოსაზრება ჰქონდეს, პოლიტიკოსებს კი – თავისი. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ ძალიან აქტიური პროცესები მიმდინარეობს. აგვისტოს დასვენების პერიოდამდე განხილვები აქტიურად მიმდინარეობდა. გადაწყვეტილებები მიღებული იქნა შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტების მხრიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს არის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი, რომელმაც მიიღო პოზიტიური გადაწყვეტილება.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ განხილვა მოხდა ასევე LIBE-ს კომიტეტში, რომელიც არის ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები კომიტეტი, სანამ ეს საკითხი პლენარულ სესიაზე გავა. ველოდებით, რომ ამ პოზიტიური განხილვის შემდეგ, LIBE-ს კომიტეტი სექტემბრის დასაწყისში კენჭს უყრის აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებაში და შემდეგ უკვე დაიწყება ის პროცედურები, რომელიც განსაზღვრულია ევროპული რეგულაციებით და სისტემით. ასევე საჭიროა, საკითხი გავიდეს პლენარულ სესიაზე და მოხდეს კენჭისყრა. ამიტომ ეს პროცედურები აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა ჯანელიძემ.
მინისტრის თქმითვე, გატარებული რეფორმების და გადადგმული ნაბიჯების მიხედვით, ყველა მაღალი დონის პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია დაიმსახურა.
„დღეს საკითხი არ დგას, საქართველო მიიღებს თუ არა ვიზალიბერალზიაციას, არამედ – ეს დამოკიდებულია პროცედურებზე.
განცხადებები ვიზალიბერალიზაციის თარიღთან დაკავშირებით არ არის სწორი, რადგან ჩვენ მივყვებით პროცედურებს და პროცედურების შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ პოზიტიურად დასრულდება საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი“, -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები