„სანამ თანამდებობა ასოცირდება ბაირამობასთან და ფულის შოვნასთან, არაფერი გვეშველება“

      ექსპერტი კახი კახიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე გამდიდრებული ყოფილი პოლიტიკოსების შესახებ წერს. მისი თქმით, ეჭვს აღძრავს ის ფაქტი, რომ საქართველოში ბევრი თანამდებობის პირი საჯარო სამსახურის მერე ძალიან წარმატებულ ბიზნესმენად იქცა. ექსპერტის განცხადებით, აუცილებელია შეიქმნას სამსახური, რომელიც თანამდებობის პირების მიერ შევსებულ დეკლარაციებს შეისწავლის და მასში მითითებული ქონების წარმომავლობას შეამოწმებს.
„20 წელზე მეტია, რაც საქართველოში იკვეთება თანამდებობების პირების გამდიდრების ტენდენცია, ხალხი, რომელიც მხოლოდ საჯარო სექტორში მოღვაწეობდა, სამსახურიდან წასვლის შემდეგ, წარმატებულ ბიზნესმენებად მოგვევლინა. სამწუხაროდ, საქართველოში არ მოქმედებს სპეციალური სამსახური, რომელიც შეისწავლის თანამდებობის პირების მიერ შევსებულ დეკლარაციებს და შეამოწმებს მასში მითითებული ქონების წარმომავლობასა და დასაბუთებას. მოქმედი საჯარო სამსახურის ბიურო აკონტროლებს მხოლოდ დეკლარაციის შევსებას, ანუ იმას, რომ ჩინოვნიკმა დროზე შეავსოს დეკლარაცია, მაგრამ მასში აღნიშნულ მონაცემებს ვერ ამოწმებს. ამიტომ, ჩემი აზრით, საჭიროა სპეციალური სამსახურის შექმნა. ამავდროულად, თანამდებობის პირს, უნდა დაუდგინდეს ვალდებულება, რომ ქონებრივი დეკლარაცია შეავსოს არა მხოლოდ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, არამედ თანამდებობიდან წავლის შემდეგაც, 5 ან 10 წლის განმავლობაში, იმ მიზნით, რომ სპეციალურ სამსახურს საშუალება მიეცეს “წარმატებული” ბიზნესმენების ქონების დაგროვების ტენდენციის შემოწმებისა და საწყისი კაპიტალის წარმომავლობის შესწავლის. კარგად მესმის, რომ გამოჩნდება რაღაც სხვა მექანიზმებიც, მაგრამ პრევენციული ზომების მიღება საჭიროა. ვინაიდან, მანამ, სანამ თანამდებოდა ასოცირდება ბაირამობასთან, ფულის შოვნასთან, გაფლანგვასთან და ინდულგენციასთან, არაფერი გვეშველება. თანამდებობა უნდა ასოცირდებოდეს მხოლოდ უდიდეს პასუხისმგებლობასთან, თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის სანქცია გაცილებით მკაცრი უნდა იყოს, ვიდრე ანოლოგიური დანაშაულის ჩამდენ რიგითი მოქალაქის მიმართ“,- წერს კახი კახიშვილი.

911843_699281553450025_261441339_n (1)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები