აშშ-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ირანს 400 მილიონი დოლარი გადასცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ირანისთვის 400 მილიონი დოლარის გადაცემა მისი ხუთი მოქალაქის გათავისუფლების პარალელურად მოხდა. ამასთანავე, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ფულის გადახდა და პატიმრების გათავისუფლება ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ არის. ფული კი თეირანს მას შემდეგ გადაეცა, რაც ამერიკის მოქალაქეებმა ქვეყნის ტერიტორია დატოვეს. აშშ-ის ხუთი მოქალაქე მიმდინარე წლის იანვარში 7 დაკავებული ირანელის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. იმავე დღეს შეერთებულმა შტატებმა ირანს 400 მილიონი დოლარი, ნაღდი ფულის სახით გადასცა. ამ ფაქტმა „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია, რომლებმაც პრეზიდენტი ობამა ირანისთვის გამოსასყიდის გადახდაში დაადანაშაულეს. თეთრმა სახლმა ეს ვერსია უარყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანს ძველი დავალიანება გადაუხადა, რომელიც ჯერ კიდევ 1979 წლის ისლამურ რევოლუციამდე დაგროვდა.