დავით სერგეენკო: პენსიონერები დასაქმდებიან ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომელიც არ მოითხოვს მძიმე ფიზიკურ შრომას

პენსიონერები დასაქმდებიან ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომელიც არ მოითხოვს მძიმე ფიზიკურ შრომას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სახდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრმა პენსიონერების დასაქმების საკითხზე ოპონენტების მიერ გამოთქმული მოსაზრებები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სანამ უარყოფით აზრს გამოხატავენ, ამა თუ იმ იდეის კონცეფციაში გარკვევა ურჩია.
„სანამ რაღაცის კრიტიკას ან შექებას დაიწყებს ვინმე, სანამ ხმალს ვიშიშვლებთ, მეორე ნაბიჯზე მაინც ჩაიხედოს ამა თუ იმ იდეის კონცეფციაში. პენსიონერების დასაქმება არის ზოგადად ძალიან პრეცედენტული და მთელ რიგ ქვეყნებში არის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც მოიცავს ერთი მხრივ, პენსიონერების დასაქმებას ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომელიც არ მოითხოვს მძიმე ფიზიკურ შრომას და რომელიც ახალგაზრდა ასაკის ადამიანებისთვის ნაკლებად მიმზიდველია, მეორე მხრივ, რაც აუცილებელია და ყურაღების გასამახვილებელია, პენსიონერებისთვის ეს უბრალოდ შანსის მიცემა კი არ არის, არამედ მათი რესურსის რაციონალური გამოყენების მცდელობა.
მაგალითისათვის, დიდ ბრიტანეთში ეს არის კამერონის პროგრამა „მეორე ცხოვრება“ , რომელშიც კონცეპტუალურად არის აღწერილი ეს ყველაფერი, რა ურთიერთსარგებლიანი ურთიერთობა შეიძლება ჩამოყალიბდეს პენსიონერებთან, მათი ერთი მხრივ, დასაქმების და მეორე მხრივ, მათი გამოცდილების გაზიარების მხრივ“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები