სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას უპრეცედენტო ნაბიჯად აფასებს

ასეთი გადაწყვეტილება მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯად ჩაითვლება ქართულ პოლიტიკაში, – ასე შეაფასა მთაწმინდის დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც პარტია აღნიშნულ უბანში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს და საკუთარ კანდიდატურას არ აყენებს.
როგორც ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ზურაბიშვილი წერს, პრემიერის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
„რომ ვთქვა, არ ველოდებოდი “ოცნების” გადაწყვეტილებას, მაშინ თქვენთან მთლად გულწრფელი არ ვიქნებოდი. იმის შემდეგ, რაც ჩემი გეგმები გავუზიარე პრემიერს, ასეთ გადაწყვეტილების იმედიც და მოლოდინიც მქონდა, თუნდაც მარტივ ლოგიკიდან გამომდინრე და სწორ გათვლის შედეგად. თუმცა, იმის გარანტია არ არსებობდა, რომ “ოცნება” თავის ალტერნატიულ კანდიდატურას არ დააყენებდა პირველივე ტურზე, როგორც ბუნებრივია, პარტიულ ცხოვრებაში.
პრემიერის განცხადებით ძალიან გახარებული დავრჩი, არა მხოლოდ ჩემი პირადი მიზნებიდან გამომდინარე.
ასეთი გადაწყვეტილება მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯად ჩაითვლება ქართულ პოლიტიკაში: პარტია დამოუკიდებელ და ზოგჯერ საკმაოდ კრიტიკულ, ყოველთვის თავისუფალ პიროვნებას ” უთმობდეს” ბრძოლის ველს, ნამდვილად სიახლეა ქართულ ცნობიერებაში და აქამდე დამკვიდრებულ პოსტსაბჭოთა ცნობიერებაში.
მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მდგომარეობს იმაში, რომ ამ ნაბიჯის გამართლება მე კი არ ვარ და ჩემი წარსული, თუ გამოცდილება, არამედ ქართული ემიგრაცია. ძალიან ვამაყომ იმით, რომ მის წარმომადგენლად ასეთი ფორმით მაღიარეს. პირველად ამ ნაბიჯით ემიგრაციის ინტერესების, უფლებების და პოლიტიკური წონის აღიარება მოხდა, სხვა პარტიების სრულ დუმილის ფონზე. ასეთი სრულიად ახალი მიდგომა ჩემთვის დამაიმედებელია და ამავდროულად, ყველაზე საპასუხისგებლო”, – წერს ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები