გაბრიელ გარსია მარკესი საავადმყოფოში მოათავსეს
ლეგენდარული კოლუმბიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი გაბრიელ გარსია მარკესი მექსიკის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოხვდა,- ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში მოხვედრის მიზეზი პნევმონია გახდა. ბოლო წლების განმავლობაში 87 წლის მარკესს საშარდე გზების ინფექციის პრობლემები ჰქონდა. ორი წლის წინ მისმა ძმამ განაცხადა, რომ მარკესი იტანჯებოდა დემნეციით და წერა შეწყვიტა.
გაბრიელ ხოსე გარსია მარკესი 1927 წლის 6 მარტს კოლუმბიის პატარა ქალაქ არაკატაკაში დაიბადა. ის ავტორია რომანებისა: “მარტოობის 100 წელიწადი”, „პატრიარქის შემოდგომა“, „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“, “სიყვარული შავი ჭირის დროს”… 1989 წელს ექიმებმა მარკესს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მისი ყოველდღიური განაკვეთი სამ კოლოფ სიგარეტს შეადგენდა, თუმცა 1992 წელს ფილტვის სიმსივნის ამოკვეთის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. 1999 წელს ექიმებმა მას ლიმფომაც აღმოუჩინეს და იმ პერიოდში გავრცელდა მწერლის გარდაცვალების თაობაზე ჭორი. ლოს-ანჯელესის ონკოლოგიური კლინიკაში ჩატარებულმა კურსმა შედეგი გამოიღო, მარკესი გამოჯანმრთელდა.