ლევან იზორია: წვევამდელებთან დაკავშირებით, ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ მსურს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, მას წვევამდელებთან დაკავშირებით, ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ სურს. ამის შესახებ მან გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან საგაზეთო ინტერვიუში აღნიშნა, აღნიშნულ საკითხს მეტი ანალიზი სჭირდება და მისი შესწავლა უკვე დაწყებული აქვს.
”არ მოვსულვარ წინასწარ განსაზღვრული პოზიციით, რომ ეს ბრძანება უნდა გავაუქმო. თუ მოვისმინე არგუმენტები, რომ არასწორი გადაწყვეტილება იყო, შესაბამისად ვიმოქმედებ. ამ საკითხს მეტი ანალიზი სჭირდება და მისი შესწავლა უკვე დავიწყე”, – აღნიშნა ლევან იზორიამ.
რაც შეეხება ”დელტას” ყოფილი ხელმძღვანელის, უჩა ძოძუაშვილის თანამდებობაზე აღდგენის საკითხს, ლევან იზორიას თქმით, ამაზე საუბარი ჯერ არავისთან ჰქონია და არც გეგმები აქვს. მინისტრის ინფორმაციით, უჩა ძოძუაშვილს პიროვნულად არც კი იცნობს.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა მინისტრის თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოსცა აქტი, რომლითაც თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა შეჩერდა.
რაც შეეხება სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას” ყოფილ გენერალურ დირექტორს, უჩა ძოძუაშვილს. მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად მაისში, კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები დასახელდა.
“დელტას” ყოფილი დირექტორი მის გათავისუფლებაში თინა ხიდაშელის ”პირად დაინტერესებაზე” საუბრობდა.
როგორც ხიდაშელმა ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსში” სტუმრობისას განაცხადა, თუ “დელტას” ყოფილი ხელმძღვანელი უწყებაში დაბრუნდება, ხიდაშელი ყველა დოკუმენტით ამავე ეთერში მივა და ”არავისთვის ეს არ იქნება სასიამოვნო”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები