გიორგი კვირიკაშვილმა ბეშუმის მოსახლეობას სიტყვით მიმართა

მთის გაძლიერებისა და ტრადიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა პრემიერ – მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბეშუმში, სადაც შუამთობის სადღესასწაულო ღონისძიებას დაესწრო.
პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და მთის გაძლიერებასა და ტრადიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
”მინდა ქედი მოვიხარო მუჰამედ ირემაძის და მისი ანსამბლის, ყველა იმ მოხუცის წინაშე, რომლებიც ამ ურთულეს პირობებში, აი აქ, ქართულ კულტურას და ადათ-წესებს ინარჩუნებენ. ვისურვებდი, რომ ეს შემართება, ეს განსაკუთრებული სიყვარული, განსაკუთრებული პატრიოტიზმი, რომელიც თქვენ, მთიან აჭარას გაგაჩნიათ შენარჩუნებულიყოს, გაძლიერებულიყოს. თქვენ ხართ ჩვენთვის მაგალითის მომცემი, ამიტომ კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გილოცავთ დღევანდელ დღეს, შუამთობას – შრომის, სიყვარულის, ერთობის დღესასწაულს. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ”, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომელსაც ხელისუფლება მაღალმთიანი სოფლების დახმარებისა და ადგილზე მოსახლეობის დამაგრების მიზნით ახორციელებს.
”ჩვენთვის უდიდესი პრიორიტეტი და მთავარი საზრუნავია მთაში მოსახლეობის დამაგრება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს უნიკალური ადათ-წესები შენარჩუნდეს და ჩვენ მომავალ თაობას გადაეცეს. მე ძალიან მახარებს ამდენი ახალგაზრდის ჩართულობა ამ დღესასწაულში. მინდა აღვნიშნო ის პროექტები, რომელიც უმნიშვნელოვანესია ამ რეგიონის გაძლიერებისთვის. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტები, გზების მშენებლობა, წყლის რეაბილიტაცია, რომელიც ოქტომბრის ბოლომდე სრულად დასრულდება და ყველა ოჯახს ექნება აუცილებლად წყლის მომარაგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ აქ ადამიანებმა იგრძნონ ზრუნვა და ყურადღება ჩვენგან. მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ მთის კანონის მიხედვით, უკვე სექტემბრიდან პენსიონერებს, პედაგოგებს, ექიმებს, ექთნებს ექნებათ სპეციალური, განსაკუთრებული დანამატები, იმისათვის რომ ხელისუფლებისგან ყურადღება იგრძნონ. ეს ყველაფერი არის ის მიზერი, რაც ჩვენ შეგვიძლია, მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენთვის მთიანი ტურიზმის განვითარება, ეკო ტურიზმის განვითარება, ის რომ აქ ყველა ოჯახს, მცირე სასტუმროს ჰქონდეს შემოსავალი, კეთილდღეობა მივიდეს ყველა თქვენთაგანის ოჯახში, ეს იქნება ჩვენთვის უმთავრესი საზრუნავი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ტრადიციისამებრ, დღესასწაულის ფარგლებში, შუამთობაზე მექორწილე წყვილის ნიშნობის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა დღესასწაული განსაკუთრებულად მიულოცა ახალდაქორწინებულებს. მათ სამახსოვრო საჩუქრები პრემიერისგან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან მიიღეს.
შუამთობის დღესასწაულს აჭარის სამუფთოს და მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები