თამარ კორძაია რეფერენდუმზე: როგორც ჩანს, მთავრობის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი არ არის

ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თემაზე მთავრობაში ერთიანი პოზიცია არ არსებობს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, პარლამენტარმა თამარ კორძაიამ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ თვითონ არ მიმართა პრეზიდენტს რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნით და ამ კუთხით საინტერესო საკითხია. როგორც ჩანს, მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ აქვს. „რესპუბლიკელები“ მივიჩნევთ, რომ ეს არ არის და არც უნდა იყოს განხილვის თემა, ვიღაცას შეიძლება აწუხებს, ვიღაცას – არა, მაგრამ მივიჩნევთ, რომ არსებითი და მნიშვნელოვანი სხვა საკითხებია“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
„ჩვენ პარლამენტში დავიწყეთ ეს პროცესი და ისეთი უმრავლესობით მოვალთ, რომ ამ ცვლილებას აუცილებლად დავაფიქსირებთ კონსტიტუციაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თემასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს გადაუგზავნა.
საქმე ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხება, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს: ”თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები