მერაბ ტურავა: ე.წ. კაბელებისა და „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებული სარჩელები შეცვლილია

„პარასკევს შემოსული სარჩელი დარეგისტრირებული ნომრით, შაბათ-კვირას არის სხვა სარჩელით შეცვლილი და ორშაბათს წარმოებაში მიღებული“, – აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა.
მოსამართლის ინფორმაციით, ე.წ. კაბელებისა და „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებული სარჩელები შეცვლილია. მისივე თქმით, მოსამართლეებისთვის უცნობია, ვინ შეცვალა სარჩელები.
„პარასკევს შემოსული სარჩელი დარეგისტრირებული ნომრით, შაბათ-კვირას არის სხვა სარჩელით შეცვლილი და ორშაბათს წარმოებაში მიღებული. ამის შესახებ მოსამართლეებს არ შეიძლება, რომ სცოდნოდათ, თუ როგორ, რატომ, ვის მიერ და რა მიზნით მოხდა ამ სარჩელების გამოცვლა. ორი სარჩელია აქ დღის წესრიგში და ორივე სარჩელთან დაკავშირებით არის ეჭვები. ვინ შეცვალა, მე არ ვიცი, ამის გამო ვიკრიბებით, რომ ეს დავადგინოთ და გადავწყვიტოთ“, – განაცხადა ტურავამ და დაადასტურა, რომ ორ სარჩელში ე.წ. კაბელებისა და „რუსთავი 2“-ის საქმეებთან დაკავშირებულ სარჩელებს გულისხმობდა.
ტურავას განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილი გამოეხმაურა, რომლის მტკიცებითაც, სარჩელების რეგისტრაციის პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო.
„რეგისტრაციის პროცესი ამ საქმესთან დაკავშირებით – „კაბელების საქმეს“ ვგულისხმობ, განხორციელდა არა მარტო კანონის და კონსტიტუციის სრული დაცვით, არამედ – აბსოლუტურად გამჭვირვალედ. ნებისმიერი ეტაპი ცნობილი იყო ამ პროცესში მონაწილე ყველა მოსამართლისთვის“, – აღნიშნა ვარძელაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენუმი შიდაკონსულტაციების რეჟიმში მსჯელობას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები