ბორის გრებენშიკოვი: წყალი ძალიან აიმღვრა
ლეგენდარული რუსი მუსიკოსი ბორის გრებენშიკოვი „ბი–ბი–სის“ ჟურნალისტთან ინტერვიუში აცხადებს, რომ აუცილებელია ანდრეი მაკარევიჩს მხარი დავუჭიროთ და სოლიდარობა გამოუცხადოთ. იგი ასევე უკრაინისა და რუსეთის ურთიერთობებზე გამოხატავს პოზიციას.
,,კვირა“ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:
– თქვენ ინტერვიუს შვიათად იძლევით. ალბათ საუბრის სურვილი სტრესულმა გარემომ დაგაკარგვინათ?
– არსებობს რაღაც გარემოებები, რაც საკუთარ ,,მე“-ზე წინ დგას. მე ვფიქრობ, რომ გარშემო წყალი ძალიან აიმღვრა, მე კი ამღვრეულ წყალში შესვლის სურვილი არ მაქვს, მიზეზიც ალბათ ეს არის.
– მე ვფიქრობდი ლონიდ კოენზე და ბობ დილანზე, რომელთაც არავინ არ აძალებს ინტერვიუს მიცემას და ისინი თავისი საქმით არიან დაკავებულნი, მაგრამ რუსეთში გაექცე იმ თემაზე საუბარს, რომელიც ყველას აღელვებს, ალბათ შეუძლებელია. ბოლო მოვლენების განვითარების შემდეგ პირველ პლანზე გამოჩნდნენ როკ–ენ–როლის ისეთი სახეები, როგორიც თქვენ ხართ, მაკარევიჩი და შევჩუკია.
– მისი ანტისაომარი პოზიციის გამო ანდრეი მაკარევიჩის მიმართ რუსეთში კამპანია აგორდა, რომლის მიზანიც მუსიკოსისთვის ყველა სახელმწიფო ორდენის ჩამორთმევაა – მაკარევიჩს შველა სჭირდება, თორემ ყველა ორდენს ჩამოართმევენ და ეს ძალიან უხერხულია. განა შესაძლებელი იყო გაჩუმება?
მე სათქმელს ჩემი სიმღერებით გამოვხატავ, და როდესაც ზოგიერთი ადამიანი ჩემს სიტყვებს თავისი ინტერესებისთვის იყენებს, მე ამ გამონათქვამების დაცვა მიწევს. მაპატიეთ, მაგრამ მეტის გაკეთება არ შემიძლია.
– სიტუაცია ძალიან დაიძაბა, რადგან აბსოლუტურად უვნებელი გამონათქვამების გამო მაკარევიჩი ლამის ხალხის მტრად გამოაცხადეს.
– სწორედ ამიტომაც გამოვდივართ მის დასაცავად.
– რუბენშტეინის რაიონში ყოველთვის თავს იყრიდნენ როკ–ენ–როლის მოყვარულები და თითქოს ძველი ტრადიცია იყო, რომ სტილისტურად ანტისაბჭოური როკ–ენ–როლის მოყვარულები თავის სამყაროში თავისი ღირებულებებით ცხოვრობდნენ და საბჭოეთის ღირებულებები სულ არ ადარდებდათ, ახლა ასე აღარ ხდება.
– საკითხი სხვაგვარად უნდა დავსვათ. ის, რასაც როკ-ენ-როლი ერქვა, საბჭოეთთან არანაირ კავშირში არ იყო. ეს საბჭოთა კავშირისთვის დიდი პატივი იქნებოდა. როკ-ენ-როლის მიმდევარი ადამიანები ცდილობდნენ, უბრალოდ, ადამიანურად, წნეხის გარეშე ეცხოვრათ, თუმცა რუსეთში მაშინაც ბევრი იყო ისეთი, რომელსაც პირიქით, წნეხი და დაძაბულობა იზიდავდა. თუმცა ძალიან ბევრს არ უნდოდა ასეთი ცხოვრება. ასე იყო ადრეც და ასეა ახლაც. წნეხის ქვეშ ხალხის დიდხანს ყოფნა შეუძლებელია.
– რაც შეეხება ხალხს, ითვლება, რომ არტისტს, რომელიც ბევრს მოგზაურობს, ყველაზე უკეთ შეუძლია იმსჯელოს ამა თუ იმ ქვეყნის შესახებ. რას იტყვით 2014 წლის რუსეთის შესახებ?
– მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის საოცრად კარგი ხალხით დასახლებული საოცრად კარგი ქვეყანა და იმ სიბინძურეს, რომელსაც საინფორმაციოებში გადმოსცემენ, ამ დიდი კულტურის მქონე ქვეყანასთან არაფერი საერთო არ აქვს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოსკოვი უკვე დიდი ხანია, რაც რუსეთი აღარ არის და იქ თავმოყრილია გარკვეული ძალების იდეები, ხოლო საინფორმაციო საშუალებები ამ ძალების უფრო მეტი კონცენტრაციაა. ეს ჩემში რაღაც დოზით საცოდაობის და წარმოიდგინეთ, თბილ განცდასაც კი იწვევს, რადგან ადამიანების მასა ისე გულწრფელად არის უაზრობით დაკავებული, რომ ამას რაღაც შარმიც კი აქვს.