გიორგი კვირიკაშვილი: სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 65 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მშენებლობისთვის 65 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. მისი თქმით, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა კანადური და სლოვაკური ინვესტიციებით განხორციელდება.
პროექტის შესახებ დეტალურად სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ისაუბრა.
„2017 წელს ჩვენ უნდა ვუმასპინძლოთ მსოფლიო ჩემპიონატს რაგბში და ასევე ევროპის ჩემპიონატს 19 წლამდე ფრენბურთში და, შესაბამისად, ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულება გვაქვს. უმნიშვნელოვანესია, რომ 130 მილიონზე მეტი ინვესტიცია ხორციელდება, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს, რომ ჩვენ მაღალ დონეზე გავუძღვეთ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას, ასევე ხელს შეუწყობს რეგიონებში სპორტული ტურიზმის განვითარებას, რადგან ძალიან დიდია საქართველოს მიმართ ინტერესი ჩვენი მეზობელი ქვეყნების მხრიდან. ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ოთხი წლის მანძილზე სპორტული ინფრასტრუქტურისა თუ ღონისძიებების მიმართულებით სახელმწიფოსგან ნახევარმილიარდ ლარზე მეტია დახარჯული. ეს უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა ქართული სპორტის განვითარებისთვის და შესაბამისი შედეგიც აქვს, რომ საქართველო ფაქტობრივად რეგიონალური ცენტრი გახდა”, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს ყველაფერი ძალიან კარგია და მოსახლეობას ხელს შეუწყობს სპორტულ ცხოვრებაში.
„ერთადერთი საკითხი, რაზეც მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება, რომ იქნება მოვძებნოთ საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის სწორი მოდელი, რათა, ერთი მხრივ, ეს სერვისები მოსახლეობის ფართო ფენებისთვის იყოს ხელმისაწვდომი და, მეორე მხრივ, იყოს ჯანსაღი ბიზნესი. მოდელი, რომელზეც იმართება ინფრასტრუქტურა, ვინაიდან სახელმწიფო არ უნდა გახდეს კონკურენტი უკვე არსებული ინფრასტრუქტურის და უნდა მოიძებნოს სწორი პარტნიორობის მოდელი, რათა კონკურენტული გარემო არ დავაზიანოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ფართო მასებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები