ალექსი პეტრიაშვილი: დარწმუნებული ვარ, გამოძიება კონკრეტულ შედეგამდე მივა

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი დარწმუნებულია, რომ პროკურატურაში დაწყებული გამოძიება კონკრეტული შედეგით დასრულდება. ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ მთავარმა პროკურატურამ მოქალაქე მინდია გოგოჭურის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
„სახიფათო ტენდენციები, რომელიც ქვეყანაში საკმაო ხნის წინ გამოიკვეთა, კულმინაციას აღწევს. როგორც ირკვევა, პრეზიდენტს ეს განცხადება პირდაპირ არ გაუკეთებია. მანამდე, მას ჰქონდა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრთან, თუმცა მან ჩათვალა, რომ არასათანადოდ იყო აღქმული ეს ინფორმაცია. ვიდრე პრეზიდენტმა პირდაპირ არ თქვა სათქმელი, მანამდე არც პროკურატურას, არც შსს-ს განცხადება არ გაუკეთებია. ეს არის საგანგაშო სიგნალი არა მხოლოდ კონკრეტული უმაღლესი თანამდებობის პირისთვის, ან პოლიტიკური ძალისთვის, არამედ მთელი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მისი თქმით, გასაოცარი და არაადეკვატური იყო პრეზიდენტის განცხადების შემდეგ სახელისუფლებო ძალის წარმომადგენლების რეაქციები, მაგრამ კარგია, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
„კარგია, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და მოკვლევა. ჩვენ ვითხოვთ, გაჩნდეს განცდა ქვეყანაში, რომ ასეთი საქციელი ისჯება და ვინც არ უნდა იყოს, ძალოვანი იერარქიის სტრუქტურებში რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს პირს, მან პასუხი უნდა აგოს ასეთი ქმედებისთვის. დარწმუნებული ვარ, გამოძიება კონკრეტულ შედეგამდე მივა. მნიშვნელოვანია, ხელისუფლებას ეყოს პოლიტიკური ნება, რათა გამოვლინდნენ პასუხისმგებელი პირები და აგონ პასუხი“, – აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოქალაქე მინდია გოგოჭურის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები