არჩილ გეგეშიძე: ის ინტერპრეტაციები, რაც მიეცა ჩემს განცხადებას, ჩემთვის იყო უცნაური
აშშ-ში საქართველოს ელჩი, არჩილ გეგეშიძე მიიჩნევს, რომ მისი განცხადებებისადმი გამოხმაურებები არაადეკვატური იყო.
“როგორც იცით, ვრჩები თანამდებობაზე. ის ინტერპრეტაციები, რაც მიეცა ზოგადად მედიაში, საზოგადოებაში ამ ამბავთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას, ჩემთვის იყო უცნაური და მიუღებელი. ამის თაობაზე ახსნა-განმარტებები გავაკეთე სამინისტროში. ყველა არგუმენტი წარვუდგინე, მათ ეს განიხილეს და ჩათვალეს მიზანშეწონილად, რომ ეს საკითხი ამოწურულია და მეც, ჩვეულებრივ ვაგრძელებ მუშაობას”, – განაცხადა გეგეშიძემ.
რაც შეეხება იმას, თუ რას გულისხმობს ინტერპრეტაციებში, გეგეშიძის თქმით, “ზოგადად, საკითხის მიმართ გაზვიადებული ინტერესი და ისტერიკამდე მისული რეზონანსი იყო გადაჭარბებული და არაადეკვატური”.
“ზოგადად აჟიოტაჟი, რაც შეიქმნა ამ საკითხთან დაკავშირებით, წესით არ უნდა შექმნილიყო და არ უნდა მისცემოდა ასეთი რეზონანსი”.
არჩილ გეგეშიძემ, რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ დაადასტურა, რომ მმართველ უმრავლესობაში პრორუსულად განწყობილი ადამიანები არიან, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მათი პოზიცია გადაწყვეტილების მიღებისას გავლენას ვერ ახდენს.