„ჯონ კერის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აშშ ჩვენს უმნიშვნელოვანეს მოკავშირედ რჩება“
ჯონ კერის ვიზიტმა ერთხელ დაგვანახვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ჩვენს უმნიშვნელოვანეს მოკავშირედ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ამბასადორიალი 2016“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი მემორანდუმი ქმნის პარტნიორობის სრულიად ახალ ჩარჩოს და მოიცავს თანამშრომლობის იმ სფეროებს, რომლებიც კრიტიკულია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის, მთლიანობაში, აშშ-თან ურთიერთობაში.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ რათა კიდევ უფრო გააღრმავოს და ახალ დონეზე აიყვანოს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. მისივე თქმით, საქართველოს პრიორიტეტია, მეზობელ და რეგიონის ქვეყნებთან გაგრძელდეს ურთიერთსასარგებლო და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები და შესაბამისი პროექტები.
”საქართველო დიდ ინვესტიციას დებს, რათა სრულად მოახდინოს სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანზიტო კვანძის ფუნქციის რეალიზაცია და შეიძინოს რეგიონული ჰაბის როლი, რაც, ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, მეტ მშვიდობასა და სტაბილურობას მოუტანს მთელ რეგიონს. ამ მიმართულებებით კიდევ უფრო მეტი დიპლომატიური ძალისხმევის მიმართვაა საჭირო”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, იმ ფონზე, როცა ქვეყნის 20% რჩება ოკუპაციის ქვეშ, როცა მეზობელი სახელმწიფო ახორციელებს ჩვენი განუყოფელი რეგიონების ფაქტობრივ ანექსიას, ცხადია, შეუძლებელია მათთან რაიმე პროგრესსა და მიღწევაზე საუბარი.
„თუმცა შედეგი, რაც რუსეთთან მიმართებაში ჩვენს პრაგმატულ და გაწონასწორებულ პოლიტიკას აქვს და რასაც ალტერნატივა არ გააჩნია, ეს არის ომისა და ღია შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან აცილება, განუწყვეტელი პროვოკაციების ფონზე. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და ამ რეალობის ცვლილებას სჭირდება სწორედ გრძელვადიანი, გონივრული და თანამიმდევრული პოლიტიკა ჩვენი მხრიდან”, – აღნიშნა პრემიერმა.