თავდაცვის მინისტრმა დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს ბინები გადასცა (ფოტოკოლაჟი)
დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ვარკეთილის სამხედრო ქალაქში საცხოვრებელი ბინები გადაეცათ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსებში ბინა საკუთრებაში, ამჯერად, 42-მა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. იმავე კატეგორიის 30-მდე სამხედრო კი საცხოვრებელი ბინით შემდეგ ეტაპზე დაკმაყოფილდება.
თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გამართულ ცერემონიალზე ბინები კენჭისყრით განაწილდა. სამხედროებს სახლის გასაღები თავდაცვის მინისტრმა პირადად გადასცა. თინათინ ხიდაშელმა ახალ მესაკუთრეებს ბინების მიღება მიულოცა, სამხედროების ოჯახის მცირეწლოვან წევრებს კი სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა.
„მინისტრობის პირველივე დღესვე განვაცხადე, რომ თავდაცვის სამინისტრო თავის ვალდებულებებს შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად შეასრულებდა მინიმუმ ორი კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ. დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები უკლებლივ დავაკმაყოფილეთ საცხოვრებელი ბინებით და შემდეგი ეტაპი უკვე იყო დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების უზრუნველყოფა. დღეს ბინების გადაცემის მორიგი ეტაპი განხორციელდა. სულ სამი ათეული სამხედრო მოსამსახურეა დარჩენილი, ვინც ამ კატეგორიას განეკუთვნება. ამ ადამიანებისთვის სახელმწიფოს მხრიდან მადლობის გამოხატვის ბევრი ფორმა არსებობს, ბუნებრივია, და თუკი რამ შესაძლებლობა გაგვაჩნია, სწორედ, მათი ინტერესები უნდა დავიცვათ“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიალში ასევე მონაწილეობდნენ – თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე.
ბინების გადაცემის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ალაფურშეტი მოეწყო.