ნიცაში გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება – ავტობუსის მძღოლი ლიკვიდირებულია
ნიცაში მომხდარი თავდასხმის მსხვერპლთა შესახებ უცხოური მედია განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. “ბი-ბი-სის“ ცნობით, გარდაცვლილია 60-მდე ადამიანი, ასზე მეტი კი დაშავდა.
ბოლო ინფორმაციით, ხალხის მასაში შევარდნილი ავტომანქანის მძღოლი პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის პოლიცია ნიცაში სპეცოპერაციას ატარებს.
პრეფექტის მოადგილე სებასტიან უმბერმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ რამდენიმე ოჯახი მთლიანად დახოცილია.
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები მიმდინარეობდა. მოსახლეობა სადღესასწაულო ფოიერვერკის სანახავად ინგლისის სანაპიროზე იყო შეკრებილი, რა დროსაც ხალხის მასაში სატვირთო ავტომანქანა შევარდა. გავრცელებული ინფორმაციით, იყო სროლაც.
ადგილობრივი პრეფექტურა მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები, მომხდარს კი „თავდასხმა“ უწოდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხალხის მასაში შევარდნილი ავტომანქანა დიდი სისწრაფით მიჰქროდა.
ფრანგულ ტელეარხ BFM-ს ცნობით, მომხდარის გამო საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ავინიონიდან პარიზში დაბრუნდა.