დავით უსუფაშვილი: ვიზალიბერალიზაცია შემდგარი ფაქტია, მაგრამ მას სჭირდება გაფორმება

„ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაწყვეტილია და ამ თემისგან წინასაარჩევნოდ რაიმე პრობლემის აგორება არ იქნება სწორი“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
დავით უსუფაშვილის თქმით, მიმდინარეობს კამპანია, თითქოს ევროკავშირმა უარი თქვა თავის დაპირებაზე, რაც არასწორია და აღნიშნა, რომ „ევროპულ ოჯახში“ არის თემები, რომელსაც საქართველო გაგებით უნდა მოეკიდოს და გაითავისოს.
„უბრალოდ, ევროპულ ოჯახში არის თემები, რომლებსაც ჩვენც გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ერთი და ორი თვე უვიზო მიმოსვლის შეფერხება არ ნიშნავს ჩვენი სტრატეგიული გეგმების შეფერხებას, პირიქით, ეს არის კარგად მიღებული ევროპაშიც, რომ ჩვენ გვესმის მათი თემებიც.
ეს არ არის ცალმხრივი დამოკიდებულება, ჩვენ ხელგაწვდილნი არ მივდივართ. მოგვეცით ეს და არ გვაინტერესებს, რა ხდება მანდ. ჩვენ ვამბობთ, მოდით, ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და ასე ვიაროთ უვიზოდ. მტკიცე და მკაფიო გზავნილი გვაქვს, რომ წლის ბოლოსთვის ქართველებს შეგვეძლება უკვე პრაქტიკულად სარგებლობა ამ უვიზო რეჟიმით.
თარიღებთან დაკავშირებით ყველას მინდა ვთხოვო, ვიყოთ ფრთხილი, რადგან სექტემბერში იქნება ეს გადაწყვეტილება თუ ოქტომბრის პირველ რიცხვებში, ნაკლებად მნიშვნელოვანია, ამან არ უნდა განსაზღვროს ჩვენი საარჩევნო დღის წესრიგი. ყველანი, ვინც ევროინტეგრაციის მომხრენი ვართ, თამამად შეგვიძლია წარვდგეთ ქართველი ხალხის წინაშე და ვთქვათ, რომ ვიზალიბერალიზაცია შემდგარი ფაქტია, მაგრამ მას სჭირდება გაფორმება“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ბათუმში მე-13 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები