„დარწმუნებული ვარ, რომ არაუგვიანეს ოქტომბრის დასაწყისისა, შესაძლებელი გახდება ვიზების ლიბერალიზაცია“

„დარწმუნებული ვარ, რომ არაუგვიანეს ოქტომბრის დასაწყისისა, შესაძლებელი გახდება ვიზების ლიბერალიზაცია“,-ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ვალდებულება სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში და ახლა ჯერი ევროკავშირზეა.
ევროკომისარმა ასევე ისაუბრა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ღია და გამჭვირვალე გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრისგან, რომელიც ასევე არის მმართველი პარტიის ლიდერი, კიდევ ერთხელ მიიღო მზადყოფნა და სურვილი საპარლამენტო არჩევნების მაქსიმალურად სამართლიან გარემოში ჩატარების შესახებ.
ევროკავშირთან ეკონომიკური პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო წარმატებით ახორციელებს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილ რეფორმებს.
“ჩვენთვის ევროპული ინტეგრაცია და ის რეფორმები, რაც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარეობდა, პრიორიტეტულია. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, წარმატებით მივყვებით ამ გზას და ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს. ევროკომისარმა ჰანმა ხაზი გაუსვა თავის გამოსვლაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური პარტნიორობა ევროკავშირის ქვეყნებთან, რადგან ეკონომიკური პარტნიორობის განვითარება ქმნის უფრო მეტ სტაბილურობას რეგიონში და ეს არის ასახული ევროპის ახალ სამეზობლო პოლიტიკაში. ჩვენ ასევე განვიხილეთ ახალი ინიციატივები, როგორიც არის ევროპული სკოლის დაარსების იდეა, რომელიც იქნება რეგიონული მნიშვნელობის“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა იოჰანეს ჰანს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეტანილი პირადი წვლილისთვის და იმედი გამოთქვა, რომ შემოდგომაზე საქართველო აუცილებლად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები