პრემიერ-მინისტრი იოჰანეს ჰანის შეხვდა

საქართველოს ევროინტეგრაციის ძირითადი საკითხები და თანამშრომლობის დღის წესრიგი იყო საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის შეხვედრის მთავარი თემები.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ასოცირების შეთანხმების სრულად ამოქმედების მნიშვნელობაზე, რაც, მათი შეფასებით, მიუთითებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყებას.
გიორგი კვირიკაშვილმა და იოჰანეს ჰანმა ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების გზაზე შემდგომი ნაბიჯები განიხილეს და ევროპის განახლებული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ევროინტეგრაციის რეფორმების წარმატებით განხორციელებას და ამ თვალსაზრისით ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას”აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს შორის.
ყურადღება გამახვილდა პროგრესზე, რაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით იქნა მიღწეული. პრემიერ–მინისტრის განმარტებით, უვიზო მიმოსვლა იქნება ლოგიკური ნაბიჯი საქართველოს გზაზე ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაში.
საუბარი შეეხო ევროკომისიას წინადადებას საქართველოში რეგიონული მნიშვნელობის ევროპული სკოლის დაარსებასთან დაკავშირებით. ევროკომისიის მოსაზრებით, სკოლას ექნება მკაფიოდ ჩამოყალიბებული საგანმანათლებლო პროგრამა და საერთაშორისო აღიარება (International Baccalaureate).
გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარს საქართველოს ასოცირების პროცესში აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრა ბათუმში, რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენციის–”საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები