დავით ზურაბიშვილი: პარტიის იდენტობის პრობლემა გვაქვს

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამავე პარტიის შიდა კვლევების მიხედვით, მას საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი არა აქვს.
როგორც დავით ზურაბიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „რესპუბლიკურ პარტიას“ არანაირი კვლევა არ ჩაუტარებია, სადაც ამ პარტიის რეიტინგი 0, 5%-ია, თუმცა შიდა კვლევის ჩატარებას ახლო მომავალში ნამდვილად აპირებს.
„კვლევის ჩატარებას ვაპირებთ, მსგავსი არაფერი ჩატარებულა და პირველად მესმის. მოკლედ რომ ვთქვა, ეს ყველაფერი ზღაპარია. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, თუმცა კარგად გვესმის, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში „რესპუბლიკური პარტია“ „ქართული ოცნების“ ჩრდილში იყო და ეს ნებისმიერი პარტიისთვის პრობლემა იქნებოდა. როდესაც 4 წლის განმავლობაში დომინანტ პარტიასთან ერთად კოალიციაში ხარ, ეს ევროპული პარტიებისთვისაც პრობლემაა, როცა მერე დამოუკიდებლად მონაწილეობენ არჩევნებში“,- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, იდენტობის პრობლემა, რომ ამომრჩეველმა ეს პარტია ცალკე ძალად დაინახოს, „რესპუბლიკელებს“ ნამდვილად აქვს, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდში ამ პრობლემის დაძლევაზე თავად პარტიამ უნდა იმუშაოს.
„პრობლემის დაძლევას თვითმიზნური დაპირისპირებით არ ვაპირებთ. ვაპირებთ, გვქონდეს დღის წესრიგი, რაც, ძირითადად, ჩვენს პარტიულ იდენტობას გაუსვამს ხაზს. იმედი გვაქვს, არსებული კვლევები, რაც აქამდე ჩატარებულა, ძალიან დიდი პროცენტია იმ ამომრჩევლის, რომელსაც „ ქართული ოცნება“ აღარ მოსწონს, მაგრამ ვერ ხედავს „ქართული ოცნების“ ალტერნატივას და „ნაციონალური მოძრაობა“ მიუღებელ ალტერნატივად მიაჩნია. ეს საკმოდ ვრცელი კონტინგენტია და ვფიქრობთ, „რესპუბლიკელების“ ამომრჩეველი სწორედ აქ არის“, -განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები