გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო მთელი სერიოზულობით ეკიდება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს

ჩვენი ხედვა არის ევროპა, ხოლო საქართველო ევროპაში არის ჩვენი მოქალაქეების მისია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ნიშანდობლივია, რომ მე-13 საერთაშორისო კონფერენცია ნამდვილ ევროპულ ქალაქში – ბათუმში ტარდება, რომელიც უძველესი დროიდან მდებარეობდა ბერძნული, რომაული და ოსმალური ცივილიზაციების გზაჯვარედინზე.
“საქართველო არის ევროპა, რასაკვირველია, მხოლოდ სიტყვები არ კმარა. ჩვენ ეს კარგად გვესმის. სწორედ ამიტომ აქვთ ქართველებს მტკიცედ გადაწყვეტილი ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება და მეტის გაკეთებაც, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
დამეთანხმებით, ჩვენი წინსვლა შთამბეჭდავია. სიხარულით აღვნიშნავ, რომ საქართველო სტაბილურად მიიწევს წინ ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების გზაზე. ასოცირების ხელშეკრულება არის ჩვენი რეფორმების გზამკვლევი, რომელიც მოიცავს ეკონომიკის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, წარმოების, ტრანსპორტის, მომხმარებელთა დაცვისა და ბევრ სხვა სფეროს. ჩვენ უკვე განვახორციელეთ ჩვენი სამართლებრივი და საარჩევნო სისტემების ფუნდამენტური რეფორმა. ჩვენ შევასრულეთ ვიზების ლიბერალიზაციის ყველა მოთხოვნა, რაც დაადასტურეს კიდეც ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა. გარდა ამისა, ჯერ კიდევ ასოცირების ხელშეკრულების ოფიციალურად ძალაში შესვლამდე 1 ივლისს, ჩვენ შევასრულეთ და დავნერგეთ მისი ბევრი დებულება,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისი განმარტებით, საქართველო მთელი სერიოზულობით ეკიდება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. პრემიერმა მისასალმებელი უწოდა ევროსაბჭოს მიერ ორი კვირის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, სექტემბრის შუა რიცხვებში სპეციალური შეხვედრის ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელზეც განხილული იქნება ევროინტეგრაციის ხვალინდელი დღე.
“ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, კარგად გააცნობიერონ, რომ საქართველოს მიზანმიმართულება და შემართება ევროპასთან დაკავშირებით არის არა ახალი თავის ტკივილი ევროპისთვის, არამედ ნათელი დემონსტრირება ყველაფრისა, რაც კარგია ევროკავშირში. საქართველოს სურვილი არ არის, თავს მოახვიოს ევროკავშირს ახალი სატკივარი. პირიქით, საქართველო არის სხვაგან გაჩენილი სატკივარის მკურნალი სალბუნი. ჩვენთვის რთული წარმოსადგენია, რომ შეიძლება მოიძებნოს ჩვენი უნიკალური ევროპული ღირებულებების დასაცავად საქართველოს მხრიდან მათი გაზიარების მგზნებარე სურვილზე უკეთესი არგუმენტი. ბატონებო და ქალბატონებო, დღეს ევროკავშირი არ უნდა ჩაიკეტოს თავის თავში, არ უნდა დაიხარჯოს ტრავმებზე ფიქრში და ამით უგულებელყოს თავისი სხეულის ჯანმრთელი ნაწილები. შესაბამისად, გამოვთქვამთ დიდ იმედს, რომ საქართველოს მიღების პროცესი დასრულდება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები