დავით ლომიტაშვილი: სანამ არ დაგვისაბუთებენ, რომ იქ იქნება სუსტი მუხტების აფეთქება და ძეგლები არ დაზარალდება, სამუშაოებს ვერავინ დაიწყებს!

 

„ვერსიის“ საგამოძიებო ბიურო სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში კირქვის საბადოსთან დაკავშირებით მორიგ სტატიას ავრცელებს, რომელიც არკვევს, რა შემთხვევაში შეექმნება საფრთხე სენაკში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და რა მოთხოვნებს აყენებს ძეგლთა დაცვის სააგენტო.
სამეგრელო და კონკრეტულად, სენაკის მუნიციპალიტეტი ძეგლებით განსაკუთრებით მდიდარია. 2006 წლის 30 მარტს ძალაში შევიდა საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება #3/133, რომლის საფუძველზეც უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრშია შეტანილი და კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მინიჭებული აქვს სენაკის მუნიციპალიტეტში არსებულ 20 ძეგლს, რომელთაც, 2015 წლის 30 სექტემბერს, #21265 ბრძანებით, კიდევ ერთი ობიექტი დაემატა – ბეთლემის აბანო, სენაკის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბეთლემი. თუმცა სენაკში ბევრი ისეთი ძეგლიც, რომლებსაც სტატუსი მინიჭებული არ აქვს, მაგრამ ისტორიული თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. მაგალითად, სორტის ციხე, რომელიც „ჩოჩელის საბადოსთან“ არასრულ 1 კილომეტრშია; საბადოსთან ასევე ყველაზე ახლოსაა კულტურული მემკვიდრეობის ისეთი ძეგლები, როგორიცაა შხეფის ციხე, კოტიანეთის ციხე და ნოქალაქევი. ამ ფონზე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მოძრაობა „სამეგრელოს“ ხელმძღვანელმა, ზურაბ კვარაცხელიამ განგაშის ზარს შემოჰკრა, საკითხის შესწავლა მოითხოვა, კულტურის მინისტრს მიმართვაც გაუგზავნა და ნოქალაქევის შესაძლო დაზიანებაზეც ისაუბრა. არქეოლოგ გოდერძი ნარიმანიშვილის განცხადებით, კულტურის ძეგლის მემკვიდრეობის დაცვაზე არსებული კანონმდებლობა სრულყოფილი არ არის და დახვეწა სჭირდება:
„საქართველოს კანონმდებლობით, ძეგლიდან რაიმე შეზღუდვა, ერთი კილომეტრის იქით არ არსებობს, ის ერთი კილომეტრიც არის იუნესკოს დაცვის ზონა. კანონმდებლობაში წერია, რომ ძეგლის ცენტრიდან 50 ან მაქსიმუმ 100 მეტრი რადიუსში იკრძალება სამუშაოების ჩატარება. სხვა არავითარი დამცავი მექანიზმი არ არსებობს. ერთადერთი, ასეთი ქარხნის მშენებლობის დროს, ინვესტორებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ კულტურის სამინისტროსა და შესაბამისი არქეოლოგიური დასკვნა, რომ იქ სხვა რაიმე არქეოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი არ არის“.
სენაკის მუნიციპალიტეტში, სამთავრობო კომისიის შექმნის, მანამდე კი, საბადოზე სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, ხელმოწერები უკვე შეგროვებულია. ხელმომწერთა შორისაა ადგილობრივი პაატა მაჭავარიანი, რომელიც „ვერსიას“ დაუკავშირდა და განაცხადა, რომ კოტიანეთში, სამივე გორაკზე, მათ შორის იმაზეც, რომელზეც ჩოჩელის საბადოა, არაერთი არტეფაქტი აქვს ნაპოვნი და მათ სახლში ინახავს.
პაატა მაჭავარიანი: „კოტიანეთში ვცხოვრობ. ჩოჩელის საბადო რომაა, იმ გორაკიდან დაახლოებით 1 კილომეტრში. ძირითადად მეფუტკრეობას ვეწევი. ერთხელ, შეშის მოპოვებისას თიხის ნამტვრევებს წავაწყდი. ძებნა დავიწყე და ერთ მტკაველზე, საკმაოდ ბევრი მოვაგროვე. წერაქვს რომ დაარტყამ, თიხა ამოდის. კოშკის ნანგრევებსაც მივაგენი. მაშინვე შევატყობინე ნოქალაქევში მუზეუმის თანამშრომლებს. პროფესორი ლომიტაშვილი ჩამოვიდა. ქრისტესშობამდელი ციხის ნანგრევებია აქ. მითხრა ბატონმა დათომ, ის ადგილი მანახე, სადაც ეს ნატეხები იპოვეო. წავიყვანე. აღმოჩნდა, რომ თითქმის ჰომეროსის ეპოქის ციხის ნანგრევებია. კერამიკა კი სინოტურია. ბევრი ნატეხი აღმოვაჩინე. ლომიტაშვილმა მითხრა მუზეუმს გადაეციო, მაგრამ არ გავატანე – არავის ვენდობი. არც არქეოლოგი ვარ, არც გეოლოგი, არც შეგნებულად ვაწარმოებ რაიმე გათხრებს. ამ ნატეხებს შეშის მოგროვებისას გადავაწყდი. დღეს კი, შეიძლება ითქვას, სახლში მიკრომუზეუმი მაქვს“.
რა პოზიცია აქვთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში და რა შემთხვევაში შეექმნება საფრთხე სენაკში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, „ვერსია“ სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეს, პროფესორ დავით ლომიტაშვილს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს:
„ზოგადად, სამეგრელო მესამეულ ცარცულის პლატფორმაზეა განაშენიანებული. პლატოზე, რომელზეც ვსაუბრობთ, ღირებული, მაღალი სამრეწველო პოტენციალის მქონე კირქვის საბადოებია. ამ ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ გაჩნდა სურვილი, აქ კირქვა მოიპოვონ. მთავარია, ეს რაღაცის საზიანოდ არ გაკეთდეს. ნოქალაქევის კონცხიდან, პირდაპირი ხაზით, დაახლოებით 3,5-4 კილომეტრში კოტიანეთის ციხეა. აქ კომუნისტების დროს საკირე მუშაობა მიმდინარეობდა და კონცხს მთელი გვერდი ჩამოაცალეს. სამუშაოები ნოქალაქევის ექსპედიციამ გავაჩერებინეთ. დაახლოებით 4 წლის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ბატონი დემურ გადელია, სორტის ციხესთან, კარიერზე სამუშაოებს იწყებდა. მაშინვე ჩავედით ადგილზე და ავედით სორტის ციხეზე. მაშინ იქ ექსკავატორებით მუშაობდნენ. სორტის ციხე კოტიანეთიდან 500 მეტრის რადიუსს სცდება. მას ეროვნული კატეგორია არ აქვს, თუმცა ძალიან საინტერესო ძეგლია – აქ ელინისტური ხანის კერამიკა, სინოპური ამფორის ნატეხებია აღმოჩენილი. როგორც ჩანს, ადრეულ პერიოდში, ამ ციხის აშენებამდე 6 საუკუნით ადრე, აქ სავაჭრო გზა გადიოდა, რაც ციხის მნიშვნელობას ერთი ათად ზრდის. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, პრევენციის მიზნით, ვთქვი, რომ აქ სამუშაოები უნდა შეჩერებულიყო და ასეც მოხდა. სიმართლე გითხრათ, ბატონი დემურ გადელია ღირსეული მოქალაქის სიმაღლეზე აღმოჩნდა – ყველას თანდასწრებით თქვა, არც კარიერია ჩემთვის ძალიან საინტერესო, არც კირქვის ის რაოდენობაა აქ, რაც მე მჭირდებაო და კარიერიდან გავიდა. მშვიდად ვიყავი, სანამ შარშან ისევ არ მოვიდა ჩემამდე ინფორმაცია, რომ იქ ისევ ეძებს ვიღაც რაღაც კარიერს. არც ის ვიცი, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან და არც ის, კონკრეტულად რომელ კარიერზე იყო საუბარი.
სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის დღესაც სულ ერთია, ბატონ ჩოჩელს აქვს ლიცენზია თუ ჩინელებს. ეს ამბავი გავიგე თუ არა, პირადად ჩავედი ადგილზე. კოტიანეთსა და სორტას შორის კიდევ ერთი გორაკია. როცა ადგილზე ჩავედი, გზა უკვე გაკეთებული იყო. გეოლოგები მარაგების დათვლის მიზნით, სიღრმივი ბურღებით მუშაობდნენ. მათ გამოვკითხე ინფორმაცია. მითხრეს, რომ ნოსირში ცემენტის ქარხნის აშენებას აპირებენ, რომელიც აუცილებლად ყველა ტექნოლოგიის დაცვით აშენდება, რომ ლიცენზია უკვე გაცემული იყო. ძეგლებიდან 500-მეტრიანი რადიუსიც – დაცული… ანუ არანაირი იურიდიული ბერკეტი არ გამაჩნდა. მიუხედავად ამისა, მაინც წამოვაყენეთ მოთხოვნა, სანამ არ დადგინდება, კირქვის მოპოვებას რა სიმძლავრის აფეთქებებით აწარმოებენ, მანამ აქ სამუშაოები არ დაიწყოს და ასეც იქნება. სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ – სანამ არ დაგვისაბუთებენ, შეგვითანხმებენ და გარანტიას არ მომცემენ, რომ იქ იქნება სუსტი მუხტების აფეთქება, ვიბრაცია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ დაზარალდება, სამუშაოებს ვერავინ დაიწყებს! ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, მუხტები შეგვითანხმონ და დავადგინოთ, რომ ვიბრაცია ძეგლებს არ დააზარალებს. ხაზგასმით ვიმეორებ – მუხტების შეთანხმების გარეშე აფეთქებებს ვერ დაიწყებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ინსპექტორები მაშინვე იქ გაჩნდებიან და საქმეს პოლიციას გადავცემთ. ვერც კარიერს გაზრდიან – იქით კოტიანეთის ციხეა, აქეთ სორტის ციხე. არ დავუშვებ, მათ საფრთხე შეექმნას. და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მრეწველობის განვითარებას ვუშლი ხელს.“ 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები