„ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელო საქმიანობა“

ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელო საქმიანობა, – ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა.
აგულაშვილი “რესპუბლიკური პარტიის“ დატოვებისა და სამთავრობო გუნდში დარჩენის გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „რესპუბლიკური პარტია“ და დავრჩე გიორგი კვირიკაშვილის სამთავრობო გუნდში. ეს ნაბიჯი არ იყო უმტკივნეულო, რადგან წლები მაკავშირებს „რესპუბლიკურ პარტიასთან“, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას მამოძრავებდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. კარგად ვარ ინფორმირებული პრემიერ-მინისტრისა და მისი გუნდის სამომავლო გეგმებზე, მჯერა ჩემი არჩევანის სისწორისა, რადგან იგი უკავშირდება საქართველოს მდგრად, სტაბილურ განვითარებას, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. ბუნებრივია, ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელო საქმიანობა და წვლილი შევიტანო ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში“,-განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ორმა ”რესპუბლიკელმა” მინისტრმა თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ განცხადებები თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დაწერეს. ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ”რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო სიის პირველი ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იქნება. რაც შეეხება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს, ის “რესპუბლიკურ პარტიას“ ტოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები