“კანონის წინაშე პრივილეგირებული არავინ იქნება“

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში, დადიანების სასახლეში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. პრემიერს მოსახლეობამ წინა ხელისუფლების დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიების თხოვნით მიმართა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დანაშაული წინა ხელისუფლების პირობებში სამწუხარო რეალობა იყო, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება და ყველა დამნაშავე დაისჯება. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონის წინაშე პრივილეგირებული არავინ იქნება.
“უდანაშაულო ადამიანებს იტაცებდნენ, აუპატიურებდნენ, დღეს ეს ადამიანები დემოკრატიაზე საუბრობენ და ჭკუას გვარიგებენ, როგორ წარვმართოთ პოლიტიკა. მე მინდა ამ ყველაზე დიდ უმცირესობას შევახსენო, ყველა ის ადამიანი, ვინც ამ პოლიტიკას განსაზღვრავდა, უმკაცრესად იქნება დასჯილი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ზუგდიდელებმა ირაკლი ღარიბაშვილს შეკითხვები დაუსვეს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, კერძოდ კი რეგიონალური საავადმყოფოს შესახებ, რომელიც სოფელ რუხში აშენდება. აღნიშნულ საკითხზე დეტალური განმარტების გაკეთება პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს სთხოვა, რომელმაც აღნიშნა, რომ კლინიკა 200-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი და 600-მდე ადამიანს დაასაქმებს.
მოქალაქეებმა პრემიერ-მინისტრს ზუგდიდის თეატრის რეაბილიტაციის თხოვნითაც მიმართეს. ირაკლი ღარიბაშვილმა საკითხით დაინტერესება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დაავალა. დავით ნარმანიამ დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა, რომ პროცესი წინ მიდის და პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე დაჰპირდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღმზრდელებს, რომ მათ პედაგოგის სტატუსი მიენიჭებათ. მან განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, თამარ სანიკიძეს შესაბამისი ცვლილებების მომზადება და მთავრობისთვის წარდგენა დაავალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები