ზურაბ ჯირკველიშვილმა გორელ ძიუდოისტებთან რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე შეხვედრა გამართა

გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი გორელ ძიუდოისტებს, ვაჟა მარგველაშვილსა და ბექა ღვინიაშვილს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტსმენთა მწვრთნელები ანზორ თენაძე და ნიკოლოზ ბიბილაშვილი.
გორის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ ჯირკველიშვილმა სპორტსმენებთან გორში საერთაშორისო სტანდარტების სპორტული არენის მშენებლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.
„მერიის მოთხოვნას გორში მასშტაბური თანამედროვე სპორტული არენის მშენებლობის შესახებ, სამთავრობო წრეებში უკვე მოჰყვა სერიოზული დაინტერესება. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი გორელის ოცნება, საკუთარ ქალაქში იხილოს მსოფლიოში აღიარებული გორელი სპორტსმენების ასპარეზობა, მალე ასრულდება და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”, – განაცხადა შეხვედრაზე ზურაბ ჯირკველიშვილმა.
გორის მერია გორელი ოლიმპიელების მხარდასაჭერად აგვისტოში კამპანიას გეგმავს, კერძოდ, ქალაქის ტერიტორიაზე გაიკვრება ბანერები სლოგანით ,,გორი-საქართველოს გამარჯვებისთვის”, შეიქმნება ფანკლუბი, სადაც გულშემატკივრებს მიეცემათ შესაძლებლობა დიდ ეკრანზე ადევნონ თვალი თანაქალაქელთა ასპარეზობას. ასევე, დაგეგმილია ფანკლუბიდან პირდაპირი ტრანსლირება მერიის ფეისბუქ გვერდის საშუალებით.
ოლიმპიადა მიმდინარე წლის აგვისტოში ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით ვაჟა მარგველაშვილსა და ბექა ღვინიაშვილთან ერთად, ასევე გორის სპორტულ სკოლებში აღზრდილი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გენო პეტრიაშვილი და ლაშა შავდათუაშვილიც მიიღებენ მონაწილეობას. მათ გორის მერი გასულ კვირას შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები