აშშ ერაყში დამატებით 560 სამხედრო მოსამსახურეს გააგზავნის
აშშ-ის ხელისუფლება ერაყში დამატებით 560 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას გეგმავს. ისინი ადგილობრივ ძალებს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში უნდა დაეხმარონ.
ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომელიც დღეს ბაღდადში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. ამის შემდეგ შეერთებული შტატების კონტინგენტი ერაყში 4 647 ადამიანამდე გაიზრდება.
კარტერის თქმით, ამერიკელ სპეციალისტთა უდიდესი ნაწილი კაიარის ავიაბაზის მოწყობით იქნება დაკავებული, რომელიც მოსულთან ახლოს მდებარეობს და რომელიც გასულ კვირას ერაყის სამთავრობო ძალებმა აიღეს. გარდა ამისა, ამერიკელი სპეციალისტები, მათ შორის ლოგისტიკის ექსპერტები, ერაყელ სამხედროებს ქალაქ მოსულის აღებაში უნდა დაეხმარონ, რომელიც „ისლამური სასელმწიფოს“ მთავარი დასაყრდენი პუნქტია ერაყში.