ზუგდიდის რაიონში საავადმყოფო აშენდება

   საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის რაიონში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საერთაშორისო სტანდარტების საავადმყოფო აშენდება, რომელიც მთელს რეგიონს მოემსახურება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ რუხში განაცხადა. პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად კლინიკისთვის განკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, სამეგრელოში საავადმყოფოს აშენება კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო.
„ზუგდიდის რაიონში საუნივერსიტეტო კლინიკის აშენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაა. კლინიკა მოემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა პაციენტს და ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება აფხაზეთის მოსახლეობისთვის, რადგან ისინი სწრაფად მიიღებენ კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 220-ადგილიანი საუნივერსიტეტო კლინიკა სასწავლო ცენტრის ფუნქციასაც შეასრულებს, სადაც შესაძლებელი იქნება დიპლომის შემდგომი განათლების მიღება და ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლება. კლინიკის ტერიტორიაზე სტუდენტების, რეზიდენტების, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მსმენელებისა და აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის სპეციალური კომფორტული საერთო საცხოვრებლის აშენებაც იგეგმება. კლინიკის მშენებლობაზე დევნილები დასაქმდებიან. საავადმყოფოს ამოქმედების შემდეგ მათი დიდი ნაწილი გადამზადებას გაივლის და კლინიკის ტექნიკური თუ დამხმარე პერსონალის პოზიციებზე იმუშავებს. კლინიკაში სამედიცინო, ტექნიკური და დამხმარე პერსონალის ჩათვლით 600-მდე ადამიანი დასაქმდება. პრემიერ-მინისტრი რუხში მდებარე დევნილთა დასახლებასაც ეწვია და დევნილი მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები