ესტონეთის ელჩი: ესტონეთი, ნატოსთან და საქართველოსთან ერთად, ბევრს მუშაობს, რომ კიბერუსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერდეს

ესტონეთის ელჩის პრიტ ტურკის განცხადებით, 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს კიბერუსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაძლიერდა.
როგორც ტურკმა „კიბერ კვირასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ესტონეთი ნატოსთან და საქართველოსთან ერთად ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ ეს სფერო კიდევ უფრო გაძლიერდეს.
„საქართველოს შემთხვევაში, 2008 წელი ნამდვილად კრიტიკული პერიოდი იყო, თუმცა ესტონეთიც იყო კიბერთავდასხმების მსხვერპლი და ეს 2007 წელს მოხდა. ჩვენი თანამშრომლობა ამ საკითხზე ომის დროს დაიწყო, რაც ძალიან ბუნებრივი იყო. ვფიქრობ, ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებისთვის მუშაობა ჩვენს სახელმწიფოებს შორის კვლავაც აქტიურად გრძელდება“,-განაცხადა ელჩმა.
შეკითხვაზე, თუ რატომ არის კიბერუსაფრთხოება ასეთი მნიშვნელოვანი, ელჩმა განმარტა, რომ თანამედროვე სამყარო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ახალ ტექნოლოგიებზე, რაც კიდევ უფრო ზრდის კიბერსივრცეში არსებულ რისკებს. მისივე განცხადებით, თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება და რისკებზე ადეკვატურად რეაგირება განსკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ესტონეთის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მოწყობილი სისტემა, მათ შორის, საბანკო სისტემა, აბსოლუტურად ყველაფერი დაკავშირებულია კიბერსივრცესთან. ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული ინტერნეტზე, კავშირგაბმულობაზე, მონაცემთა ბაზებზე. სწორედ იმისთვის, რომ ამ სფეროებმა ხარვეზების გარეშე იმუშაონ, განსაკუთრებით საჭიროა უსაფრთხოება. მიხარია, რომ ამ საკითხზე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც აქტიურად მუშაობენ, რადგან ის რისკები, რომლებიც შეიძლება არსებობდეს კიბერსივრცეში, საკმაოდ სერიოზულია. ამიტომ თუ არ იქნება მზაობა, ამან ქვეყანას შესაძლოა, დიდი ზიანი მოუტანოს. ამ საკითხს ადეკვატური რეაგირება სჭირდება. დღეს, ესტონეთი ნატოსთან და საქართველოსთან ერთად, ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ თავდაცვისუნარიანობა და კიბერუსაფრთხოება კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – განაცხადა ელჩმა.

ესტონეთის ელჩთან ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://cyber.kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები