„საქართველო იქნება მიწვეული და ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში სტრატეგიულ განხილვებში“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ნატო-საქარველოს კომისიის ერთობლივ დეკლარაციაში ალიანსის მხრიდან გამოთქმული ინიციატივები ეხება საჰაერო თავადცვის გაძლიერებას და ასევე სამხედრო ძალის შემდგომ განვითარებას ტრენინგებისა და სწავლების მიმართულებით. ამასთან, როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველო იქნება მიწვეული და ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში სტრატეგიულ განხილვებში.
”ეს ეხება ასევე ერთობლივი წვრთნისა და აღჭურვის ცენტრის აფილირებას და ამისთვის სპეციალური ტრანსფონდის შექმნას, სადაც მოხდება ფინანსური ახალი კონტრიბუცია წევრი ქვეყნების მხრიდან, ეს ეხება სტრატეგიულ კომუნიკაციებში გაღრმავებულ თანამშრომლობას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო იქნება მიწვეული და ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში სტრატეგიულ განხილვებში. ყველა წევრი ქვეყნის მხრიდან ხაზი გაესვა იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიული ტრანსფორმაციის კუთხით.
ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების კუთხით და იმ პროცესებს, რომელიც ხორციელდება საქართველოს მთავრობის მხრიდან, რათა აღდგეს ნდობა და იყოს შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ხაზი გაესვა ასევე საქართველოს წარმატებულ იმპლემენტაციას და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. მნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული ყველა ის ნაბიჯი, რომელიც საქართველოს აახლოვებს ნატოსთან. ძალიან დიდი იმედები გამოითქვა რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ძალიან მალე მოუტანს მას მნიშვნელოვან ხელშესახებ პროგრესს ინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჩართვისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები