თინათინ ხიდაშელი აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწეს შეხვდა

ნატოს ვარშავის სამიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ორმხრივ შეხვედრებს მართავს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწეს ელისა სლოტკინს შეხვდნენ.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელსაც ხელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოეწერა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხი და აშშ-ის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის საკითხი განიხილეს.
“ვისაუბრეთ ორი დღის წინ გაფორმებულ მემორანდუმზე, მის გავლენაზე, იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ის ქართულ სახელმწიფოს აძლევს მეტი თავდაცვისუნარიანობისთვის. ორი კვირის შემდეგ ორმხრივი შეხვედრები გვექნება ვაშინგტონში, სადაც საუბარი დაიწყება კონკრეტულ გეგმაზე და დეტალურ საგზაო რუკაზე, რომლის მიხედვითაც შემდეგი სამი წლის განმავლობაში საქართველო-ამერიკის ურთიერთობები თავდაცვისუნარიანობის გამყარების მიმართულებით უნდა განვითარდეს. ჩვენი ამოცანაა, საქართველოს უფრო მეტი დაცულობისთვის და ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისთვის რაც შეიძლება მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შეთანხმება და ის ახალი ინიციატივები, რომელსაც დღის ბოლომდე ნატოსგან მივიღებთ“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები