თსუ-ს კანცლერობის კანდიდატი: ვიღაცამ თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ის პრობლემები, რაც არსებობს ყველა მიმართულებით, მოგვარდეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი ალექსანდრე ჩხიტაური უნივერსიტეტში არსებულ კლანიურ მმართველობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საუბარი იმაზე, რომ უნივერსიტეტში პროცესები გამჭვირვალედ არ იმართება, უნდა დასრულდეს.
როგორც ჩხიტაურმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, უნივერსიტეტში კანცლერობის კანდიდატის არჩევის პროცესის შეფერხება გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს. მისი თქმით, კანცლერის მოვალეობის შემსრულებელს ბევრ საკითხთან დაკავშირებით არ გააჩნია ის უფლებამოსილება, როგორიც არჩეულ კანცლერს.
მისივე მტკიცებით, უნივერსიტეტს კანცლერის სახით ისეთი ხელმძღვანელი უნდა ჰყავდეს, რომელიც უნივერსიტეტში უზრუნველყოფს სიმშვიდესა და თანამშრომლებისთვის სტაბილური გარემოს შექმნას.
გარდა ამისა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის კანდიდატი ამბობს, რომ უნივერსიტეტის ბიუჯეტი გარკვეულ პირთა ინტერესებს არ უნდა ხმარდებოდეს.
„ის პრობლემები, რაც საუნივერსიტეტო საზოგადოებას აწუხებდა, ისევ დღის წესრიგში დგას. პრობლემები დღეს და გუშინ არ შექმილა, არც ვლადიმერ პაპავას რექტორობის პერიოდში. ეს შეიქმნა ჯერ კიდევ 2005 წლიდან ე.წ. რეფორმების განხორციელების დროს.
ამიტომ ვიღაცამ თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ის პრობლემები, რაც არსებობს ყველა მიმართულებით, მოგვარდეს. უნივერსიტეტში ადგილი აქვს კლანურ მმართველობას და ეს უნდა დასრულდეს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს იმაზე ლაპარაკი, რომ უნივერსიტეტში პროცესები გამჭვირვალედ არ იმართება.
უნივერსიტეტის ბიუჯეტი არ უნდა ხმარდებოდეს გარკვეულ პირთა ინტერესებს. უნივერსიტეტს საკმაო რაოდენობის შემოსავალი გააჩნია, რომელიც, ჩემი აზრით, სრულიად საკმარისი უნდა იყოს ელემენტალურის დასაკმაყოფილებლად. ამ ბიუჯეტით ელემენტარული მაღლივი კორპუსის კოსმეტიკური რემონტის გაკეთება იყო შესაძლებელი, რომ არაფერი ვთქვათ სრულფასოვან, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ სამუშაოზე.
ყველა კანცლერობის კანდიდატს, მათ მიზნებს წარმატებებს პატივს ვცემ, მაგრამ ის მოთხოვნები, რაც ისმოდა სტუდენტებისგანაც და საუნივერსიტეტო საზოგადოებისგანაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა მოგვარდეს. გარდა ამისა, თუ ეს თანხები ვერ გაწვდება უნივერსიტეტში განსახორციელებელი პრობლემების მოგვარებას, ჩემი არჩევის შემთხვევაში, სურვილს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფოსგან დამატებით დაფინანსება მივიღოთ.
ამასთან, გვსურს, რომ უნივერსიტეტში მოხდეს სტრუქტურული რეპორგანიზაცია, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც წინა წლებში, როდესაც სრულიად უკანონოდ ყრიდნენ უნივერსიტეტიდან თანამშრომლებს“,-განაცხადა ალექსანდრე ჩხიტაურმა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს არჩევნები ხვალ გაიმართება. შესაძლოა, მიმდინარე თვეს დაინიშნოს სენატის არჩევნებიც,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის კანდიდატთა არჩევნები. საბოლოოდ, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურა ამ ორმა ორგანომ უნდა წარმოადგინოს.
აკადემიური საბჭო კანცლერობის კანდიდატს ირჩევს, სენატი კი ამტკიცებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები