დაჭრილმა ჯარისკაცებმა კიბერუსაფრთხოების ბიუროში სტაჟირება წარმატებით დაასრულეს

ავღანეთის მისიაში და რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაჭრილმა ორმა ჯარისკაცმა კიბერუსაფრთხოების ბიუროში სამთვიანი სტაჟირება წარმატებით დაასრულა. სამხედროებმა ტრენინგი კიბერუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე გაიარეს. სამი თვის მანძილზე მათ შეისწავლეს, თუ როგორ იყენებენ ჰაკერები სხვადასხვა დესტრუქციულ პროგრამებს, ვირუსებს, როგორ ხდება ფაილების დაზიანება, ანგარიშების გატეხვა და სხვა კიბერდანაშაული. მიღებული ცოდნა დღეს ჯარისკაცებმა კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორს, ასევე საკუთარ ხელმძღვანელებს – აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების სარდლებს პრეზენტაციის სახით წარუდგინეს. პრეზენტაციის შემდეგ სარდლებმა ჯარისკაცები სიგელებით დააჯილდოვეს. კიბერუსაფრთხოების ბიუროში სტაჟირების შედეგად მიღებული ცოდნა სამხედროებმა მომავალში სხვა ჯარისკაცებს უნდა გაუზიარონ.
„სიმართლე გითხრათ, დღეს კიდევ უფრო კარგად, დეტალებში გავერკვიე, რამდენად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოება. უმნიშვნელოვანესია კიბერუსაფრთხოების ბიუროს ჩართულობა ჩვენს დღევანდელ ყოფიერებაში. რაც შეეხება ჩვენს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელს და მთელს შემადგენლობას, რადგან ძალიან კარგი წამოწყებაა. დაინტერესება ძალიან დიდია და ჩვენ მოხარულები ვართ, თუ ამ ბიუროში უფრო მეტ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს ვიხილავთ. ძალიან კარგი იქნება, თუ კიბერუსაფრთხოების ბიურო შემდგომში ასეთ ლექციებს კიდევ ჩაატარებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, თუ სად და როგორ იქნებიან ეს ჯარისკაცები და რა სამსახურს გაწევენ ისინი მომავალში“, – განაცხადა დასავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ.
კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორის, ანდრია გოცირიძის განცხადებით, დაჭრილ სამხედროებთან ურთიერთობა, მათი პატრონაჟი თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„კიბერუსაფრთხოების ბიუროში ტრენერებად გადამზადდა ორი ჯარისკაცი. ერთი მათგანი ISAF მისიაში დაიჭრა, მეორე კი რუსეთ-საქართველოს ომის დროს. გავლილი აქვთ საბაზისო ტრენინგი გენერალური შტაბის და თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობისთვის, ამ ტრენინგს მომავალში უკვე ეს გადამზადებული ჯარისკაცები ჩაატარებენ. ვფიქრობ, რომ ეს იქნება, ერთის მხრივ, წარმატებული პროექტი მათი სოციალური ინტეგრაციისთვის, მეორეს მხრივ, თვითონ სამინიტროსთვის ცნობიერების ამაღლების კუთხით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო“, – აღნიშნა ანდრია გოცირიძემ.
როგორც გადამზადებულმა სერჟანტმა მიხეილ დოლიძემ „კიბერ კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, სამი თვის განმავლობაში კიბერუსაფრთხოების ბიუროში მათ საბაზისო კურსი გაიარეს, შეისწავლეს ვირუსული პროგრამული უზრუნველყოფა. „მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა იცოდეს ამ საფრთხეების შესახებ. მოგეხსენებათ, რომ კიბერუსაფრთხოებას დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ქვეყნისთვის. 2008 წელს საქართველოზე კიბერშეტევა განხორციელდა. გაითიშა სერვერები, როგორც გახსოვთ. კიბერუსაფრთხოების ბიუროს შექმნა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გავიარეთ კურსი ცნობიერების ამაღლების კუთხით. შემდგომში ჩვენი გამოყენება მოხდება სტრუქტურის სხვა თანამშრომლების მომზადებაში. გვექნება პრეზენტაციები ასევე საჯარო სექტორში “, – აღნიშნა მიხეილ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები