ანი მიროტაძე – იმედი მაქვს, რომ არჩევნებზე კანდიდატები არ აკადრებენ ადამიანებს მოსყიდვას

საქართველოს პარლამენტის წევრი, „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელი ანი მიროტაძე იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნებზე კანდიდატები არ იკადრებენ ადამიანების მოსყიდვას.
მიროტაძემ „შევარდნაძის დროინდელი და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კარგად ათვისებული“ პრაქტიკა გაიხსენა, როდესაც არჩევნების გაყალბება ხდებოდა და ადამიანებს აიძულებდნენ, რომ მათი არჩევანი თუნდაც 2 კილოგრამი შაქრის სანაცვლოდ გაეკეთებინათ.
„იმედი მაქვს, რომ კანდიდატები ადამიანებს არ აკადრებენ მოსყიდვას. ჯერჯერობით არ მაქვს ამის არცერთი ფაქტი, თუმცა ეს იყო ჯერ კიდევ შევარდნაძის დროინდელი ტრადიცია, რომელიც უფრო კარგად აითვისა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. გახსოვთ მაშინ, რომ ზეწოლების პარალელურად ხდებოდა ორ კილოგრამ შაქარზე და ორ ლიტრ ზეთზე ხმების მიღება მოქალაქეების მხრიდან. იმედს ვიტოვებ, რომ ისინი მათ მახინჯ პრაქტიკას არ გააგრძელებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოვუწოდებთ, რომ ამაზე პასუხი აგონ. მოსყიდვა ეს არის დანაშაული, მეორე – ეს არის შეურაცხყოფა, როდესაც შენი ქვეყნის მოქალაქეს არჩევანის ყიდვას სთავაზობ. დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ იაფფასიანი პოლიტიკური გეგმების განხორციელების შესაძლებლობის მისცემენ გარკვეულ პოლიტიკურ ლიდერებს და სუბიექტებს, საქართველოში აღარ არიან“,- განაცხადა მიროტაძემ.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე მან ხაზი გაუსვა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ის სამართლიან და თანასწორ არჩევენებს ელოდება, თუმცა, ის არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდეს გარკვეულ პროვოკაციებს.
„მე ველოდები სამართლიან და ყველასთვის თანაბარ არჩევნებს. თუ არ იქნება სამართლიანი არჩევნები და იქნება ცემა – ტყეპა, რისი ალბათობაც არის საკმაოდ მაღალი, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ ამ არჩევენების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ეს არ აწყობთ საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ უფრო მეტად, არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“ და, პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას“, რადგან როდესაც არჩევნები ვერ ტარდება, ეს არის ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობის საკითხი. „ნაციონალური მოძრაობა“ კი იმიტომ ვახსენე, რომ კორცხელში განვითარებული მოვლენები მაფიქრებინებს იმას, რომ არჩევნები იქნება ძალიან შეფერილი ზეწოლისა და ცემა-ტყეპის ელემენტებით. მე არ ვურჩევდი მათ ამას, რადგან საარჩევნო კრიმინალი ეს არის კრიმინალი, რომელიც არის დასჯადი და ერთელ და სამუდამოდ, ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ არჩევნების გაყალბებას, სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ, რომ აღარავინ გაბედოს ადამიანების ხმების მოპარვა“,-განაცხადა მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები