ზურაბ ჯაფარიძე: გიორგი ვაშაძესთან და ქვეყანაში არსებულ სხვა პროდასავლურ ძალებთან კონსულტაციებს ვმართავთ

“ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ “გირჩი” გიორგი ვაშაძესთან და ქვეყანაში არსებულ სხვა პროდასავლურ ძალებთან კონსულტაციებს მართავს, რაც შესაძლოა, წინასაარჩევნო ბლოკის შექმნაშიც გადაიზარდოს.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა 2030-ში აღნიშნა, შეთანხმების შესახებ საჯარო განცხადებასაც გაახმაურებენ.
“შეთანხმების შესახებ საჯარო განცხადებას ძალიან მალე გავაკეთებთ, რომ მოსახლეობისთვის გასაგები იყოს, რას როგორ ვაკეთებთ. იმის გამო, რომ საქართველოში ახალგაზრდობა არჩევნებზე მაინცდამაინც აქტიური არ არის და უფრო ასაკოვანი მოქალაქეები აქტიურობენ, პოლიტიკური პარტიები ტრადიციულ პოპულიზმში გადაეშვნენ, რითაც წლების განმავლობაში იყვნენ დაკავებული. მათი ძირითადი გზავნილები ასაკოვანი ადამიანებისკენაა მიმართული. ის, რომ მათ მიერ ძირითადი აქცენტი პენსიებზე კეთდება, სწორედ აღვირახსნილი პოპულიზმია. პენსია შესაძლოა, 1000 ლარამდეც გაიზარდოს, მაგრამ რიცხვებში გაზრდას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, გაზრდილი პენსიით პენსიონერი რის ყიდვას შეძლებს”, – განაცხადა “გირჩის” ლიდერმა.
მისივე ინფორმაციით, პარტიები მოსახლეობას რეალურ პრობლემას არ უხსნიან და არ ეუბნებიან, როგორ აპირებენ ეკონომიკური პრობლემების გამოსწორებას, რაც ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემაა. “ჩვენ პოპულისტური განცხადებებით და პრიმიტიული დაპირებებით არ გამოვდივართ. ჩვენ ვიცით კონკრეტული გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის რეფორმირება. გვსურს, საქართველომ ის გზა გაიაროს, რაც ირლანდიამ, ჰონკონგმა ან ტაივანმა გაიარა. ქვეყნის ფეხზე სწრაფად დასაყენებლად ერთი კონკრეტული რეცეპტი არსებობს და არა -17 გზა”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, დღეს, სოციალური დახმარების სისტემაში ფული ისე იხარჯება, რომ ფულის უდიდესი ნაწილი შეძლებულ და მდიდარ ოჯახებში მიდის. “ეს ნონსენსია, რადგან ასეთი ოჯახები გადასახადებს იხდიან და სახელმწიფო მათ რაღაცებს ფულის სახით უკან უბრუნებს. ჩვენ ვამბობთ, რომ გადასახადები უნდა შემცირდეს. შეძლებულ და მდიდარ ოჯახებს შემოსავალი ისედაც გაეზრდებათ, რადგან ნაკლებ გადასახადებს გადაიხდიან. სამაგიეროდ, სახელმწიფო მათ არაფრით აღარ დაეხმარება. ისინი თავს თავად მიხედავენ, რისთვისაც საკმარისი შემოსავალი აქვთ. სახელმწიფომ ფული რაღაც კრიტერიუმების მიხედვით კი არ უნდა ანაწილოს, რომ ვიღაცას დამსახურება აქვს, ვიღაცას ეს აქვს, ვიღაცას-ის, არამედ უნდა დაეხმაროს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, რომელსაც ძალიან უჭირს”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები