დავით უსუფაშვილი: გამომსვლელებმა ბრძანეს, რომ ცოტა არ იყოს უპრეცედენტო მოვლენებს ჰქონდა ადგილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა თბილისში გამართული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შეაჯამა.
„მოხარული ვარ, რომ პრაქტიკულად, ყველა დელეგაციის და მონაწილის მხრიდან, მივიღეთ ძალიან გულწრფელი მადლობის სიტყვები, ღონისძიების ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მისი ყველა კომპონენტი, ტექნიკური, ორგანიზაციული, შინაარსობრივი, აღმოჩნდა ძალიან მაღალ დონეზე. ვერ ავუდივარ კოლეგების სამადლობელ სიტყვებს და მინდა ჩემი მხრიდან მადლობა მოვახსენო ყველას”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამ დღეებში საქართველომ დაადასტურა, რომ მსგავსი ღონისძიებების მაღალ დონეზე ორგანიზება შეუძლია. თუმცა, მისივე შეფასებით, ღონისძიების მიმდინარეობისას, იყო გარკვეული პოლიტიკური ნიუანსებიც.
„იყო გარკვეული პოლიტიკური ნიუანსები, რომელიც მთლად არ შეესაბამებოდა ამ ტიპის ღონისძიებებს და, სამწუხაროდ, დღესაც, ამ მაღალი ტრიბუნიდან გამომსვლელებმა ბრძანეს, რომ ცოტა არ იყოს უპრეცედენტო მოვლენებს ჰქონდა ადგილი, როდესაც შიდა პოლიტიკური პროცესები ამ დონეზე ავიდა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრთა განსახილველად”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, ამ მასშტაბის ღონისძიება საქართველოში პირველად გაიმართა და მომავალში, ქვეყანა მიღებულ გამოცდილებას გაითვალისწინებს.
„სხვა დროს, სხვანაირად გავაკეთებთ, ალბათ, ჩვენს საქმეს, ისე, რომ პოლიტიკური ინტერესების ლობირება მოვახერხოთ ისეთი გზებით და საშუალებებით, რომლებიც არ იქნება კონტრპროდუქტიული, ან არ იქნება გარკვეული შენიშვნების საფუძველი. ესეც ჩავთვალოთ, რომ ნორმის ფარგლებში იყო”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულ პრეზიდენტს საქმიანობაში წარმატება უსურვა.