”ქართული ოცნების” ლიდერების ფარული მოსმენების საქმეზე გამოტანილ განაჩენს დაცვის მხარე გაასაჩივრებს

”ქართული ოცნების” ლიდერების ფარული მოსმენების საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის ინფორმაციით, დაცვის მხარე გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებს.
”ბუნებრივია, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი მივიღეთ ყველაზე მძიმე მუხლში და მთელი ამ პროცესის განმავლობაში ის გარემოებები, რასაც პროკურატურა გვეუბნებოდა, რომ ხიზანიშვილმა ჩაიდინა, რომც დადასტურდეს, იქ არ გვქონდა გაფლანგვის მუხლი. მოსამართლემ გაიზიარა ჩვენი ეს მოსაზრება, თუმცა არ დაგვეთანხმა, რომ საერთოდ დანაშაული არ იყო ჩადენილი და გადააკვალიფიცირა უფლებამოსილების გადამეტებით. როცა დასაბუთებულ განაჩენს მივიღებთ ალბათ ამ ნაწილშიც გავასაჩივრებთ”, – განაცხადა ჭაბაშვილმა.
მისივე თქმით, ორწლიანი სასჯელი საჭირო არ იყო და ამაზე სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს.
”ქართული ოცნების” ლიდერების უკანონო მოსმენების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვაჟა ლელუაშვილს თავისუფლების 3 წლით, ლევან ქარდავასა და შოთა ხიზანიშვილს კი 1 წლითა და 6 თვით აღკვეთა განესაზღვრათ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა 24 ივნისს დასრულდა, რის შემდეგაც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა სათათბიროდ გავიდა. 24 ივნისს გამართულ სხდომაზე ბრალდებულებმა, საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, შოთა ხიზანიშვილს, ლევან ქარდავასა და ვაჟა ლელუაშვილს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება, კომპიუტერული ვირუსების გზით ყოფილი ოპოზიციის ლიდერების უკანონო მოსმენები და ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომელ ბესიკ სურმავაზე ზეწოლა ედებოდათ.
საქმე ეხება 2012 წლის არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ ლიდერების საუბრების ფარული ჩანაწერების კომპიუტერული ვირუსის გზით მოპოვებასა და გამოქვეყნებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები