ხიდაშელი ჯარში გაწვევის თემაზე: ამბავი იმის შესახებ, რომ ეს გადაწყვეტილება არავისთან იყო შეთანხმებული, არ არის სიმართლე
ამბავი იმის შესახებ, რომ ეს გადაწყვეტილება არავისთან იყო შეთანხმებული და იყო სიურპრიზი, არ არის სიმართლე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შეჩერების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა.
ხიდაშელი განმარტავს, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტის აქტით არის დამტკიცებული და რომელზეც მთავრობამ იმსჯელა. რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია მის მიერ გამოცემული ბრძანება მთავრობამ გააუქმოს, თავდაცვის მინისტრის თქმით, „არ არის ამის შესაძლებლობა”.
„თუმცა, ზოგადად, შესაძლებლობა ყველაფრის არის. შესაძლებელია მიღებული იყოს აქტი, რომელმაც უნდა გააუქმოს სხვა გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულებით არის დამტკიცებული. პრეზიდენტის ბრძანებულების გაუქმების საშუალება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს. ამბავი იმის შესახებ, რომ ეს გადაწყვეტილება არავისთან იყო შეთანხმებული და იყო სიურპრიზი, არ არის სიმართლე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტის აქტით არის დამტკიცებული და მთავრობას ნამსჯელი აქვს. ეს არის ვალდებულება, რომელიც აიღო ხელისუფლებამ. გასაგებია, რომ ემოციები ასე ჭარბობს, თუმცა მთავარია, რომ პირობა და ვალდებულება, რომელიც ავიღეთ საზოგადოების და პარტნიორების წინაშე, შესრულებულია“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი გუშინ, მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა. თავდაცვის სამინისტროს გარდა, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას სხვა უწყებებიც ახორციელებენ, თუმცა თინა ხიდაშელის ბრძანება მათ არ ეხებათ.