გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურ პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება; სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა, მთიანი რეგიონების განვითარების მიმართულებით, შვეიცარიის გამოცდილების გაზიარება, – აღნიშნულ თემებზე ისაუბრეს: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური პრეზიდენტის, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების მინისტრმა, იოჰან შნაიდერ-ამანიმ დღეს ფონ-ვატენვილის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსხურის ინფორმაციით, შეხვედრისას დიდი ყურადღება დაეთმო საქართველო-შვეიცარიის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ მხრივ კარგ საფუძველს ქმნის ორმხრივი შეთანხმება, ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ, რომელსაც დღეიდან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება დაემატა.
თანამშრომლობისთვის პერსპექტიულ სფეროებად დასახელდა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ენერგეტიკა. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა შვეიცარული კომპანია “ბლაუენშტაინ საქართველოს” წარმატებულ ინვესტიციას საქართველოს აგრარულ სექტორში.
საუბარი შეეხო საქართველოში პროფესიული განათლების დაგეგმილ რეფორმას. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ამ პროცესში შვეიცარიის მხარდაჭერის მნიშვნელობა.
შვეიცარიის პრეზიდენტმა ისაუბრა იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომლებსაც შვეიცარია საქართველოში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მეშვეობით ახორციელებს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.
მთავრობის მეთაურმა ფედერალურ პრეზიდენტს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე. იოჰან შნაიდერ-ამანი რეგიონში არსებული ვითარებითაც დაინტერესდა.
საქართველოს პრემიერმა ფედერალური მთავრობის მეთაურს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში მედიატორის ფუნქციის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და ეუთოს ფარგლებში შვეიცარიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.