პრეზიდენტი დოლიძე-მაჭავარიანის ადმინისტრაციაში დანიშვნას, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გუნდის შექმნას არ უკავშირებს

პრეზიდენტი ანა დოლიძის და ვანო მაჭავარიანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დანიშვნას, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გუნდის შექმნას არ უკავშირებს, – ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ჩემთან მუშაობენ განსაკუთრებული კვალიფიკაციის ადამიანები, ეს შეეხება ანა დოლიძესაც, ეს შეეხება ვანო მაჭავარიანსაც, ეს შეეხება სხვას, როგორც ძალიან მაღალი კვალიფიკაციის, როგორც პოლიტიკური გამოცდილების ადამიანებს, ასევე თავის სფეროში პროფესიონალებს. რასაც მე ვხედავ, ჩემთან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომელბი არიან, ეს პროცესი კავშირში არის ჩემს მიმდინარე მანდატთან”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, პოლიტიკოსები არ ცხოვრობენ მხოლოდ არჩევნებისთვის, პოლიტიკოსები ცხოვრობენ იმისთვის, რომ ის ვალდებულებები და მანდატი, რომელიც გააჩნიათ, განახორციელონ მაღალი კვალიფიკაციით.
„პოლიტიკოსები არ ცხოვრობენ მხოლოდ არჩევნებისთვის, პოლიტიკოსები ცხოვრობენ იმისთვის, რომ ის ვალდებულებები და მანდატი, რომელიც მათ გააჩნიათ, განახორციელონ მაღალი კვალიფიკაციით. ასეთები არიან: ბატონი ვანოც, ქალბატონი ანაც და ასეთია ბევრი სხვა, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ. კვალიფიკაციის და პოლიტიკური გამოცდილების თვალსაზრისით ჩვენ, მართლაც, შთამბეჭდავი თანამოაზრეები გვყავს როგორც ადმინისტრაციაში, ასევე უშიშროების საბჭოში”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები