გრიგორი კარასინი მიხეილ ჯანელიძეს შავი ზღვის ეკონომიკური ფორუმის მინისტერიალზე დასწრებისკენ მოუწოდებს
პრაღაში გრიგორი კარასინის განცხადებების ადრესატი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელსაც ლავროვის მოადგილემ სოჭში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
საქმე ეხება შავი ზღვის ეკონომიკური ფორუმის მინისტერიალს, რომელიც 1-ელ ივლისს იხსნება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოადგილე გრიგორი კარასინი მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მნიშვნელოვან რეგიონულ ღონისძიებებში ყოველთვის უნდა მონაწილეობდეს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უბრალო თანამშრომლის დონე რამდენად პასუხობს ამ ღონისძიების მნიშვნელობას, ეს საკითხი, ალბათ, თბილისში უნდა გადაწყვიტონ.
მინისტრმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ სოჭში ამ ღონისძიებაზე გამოჩენა პოლიტიკურად საშიშია მოახლოებული 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფონზე.
ვფიქრობ, ეს საკითხზე ძალიან ვიწრო შეხედულებაა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ყოველთვის უნდა მონაწილეობდეს მნიშვნელოვან რეგიონულ, მითუმეტეს, მრავალმხრივ ღონისძიებებში. ჩვენი მინისტრი, მიუხედავად მისი მჭიდრო გრაფიკისა, იქ იქნება“, – განაცხადა კარასინმა.
რუსული მედიის ცნობით, ღონისძიებას საქართველოს სახელით მიხეილ ჯანელიძე დაესწრება, თუმცა ინფორმაციას არ ადასტურებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
როგორც ირკვევა, მინისტერიალზე დასასწრებად თბილისიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის წარმომადგენელი გაემგზავრება, რის გამოც კარასინი უკმაყოფილებას ვერ მალავს.
სწორედ მისი დღევანდელი განცხადებების ფონზე, კიდევ ერთხელ აქტიურდება კითხვა – მოსალოდნელია თუ არა უახლოეს მომავალში საქართველო-რუსეთის პირველი დიპლომატების აუდიენცია. სერგეი ლავროვის მოადგილე მსგავს შესაძლებლობას არ გამორიცხავს.