გიორგი მარგველაშვილი: ქართველ და რუს დიპლომატებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვანია
ქართველ და რუს დიპლომატებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შესაძლო შეხვედრაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
”როგორ, რა ფორმატში, რა მოსამზადებელი სამუშაოებია ამისთვის განსახორციელებელი, ეს სხვა საკითხია. ზოგადად, მინდა დავაფიქსირო პოზიცია, რომ ქართველ და რუს დიპლომატებს შორის ურთიერთობები, იქნება ეს ჟენევის ფორმატი თუ პრაღის ფორმატი, მნიშვნელოვანია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოდან სოჭში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან წურწუმია დაესწრება. ამის თაობაზე სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება. შეხვედრა 1-ელ ივლისს გაიმართება.
როგორც „რია ნოვოსტი“ წერს მანამდე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სოჭში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გაემგზავრება, სიმართლეს არ შეესაბამება. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა სინანული გამოთქვა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი სოჭში არ მიემგზავრება. კარასინმა მინისტრის ეს გადაწყვეტილება შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებს დაუკავშირა და „ვიწრო გადაწყვეტილება“ უწოდა.