ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონულ ტურნეს იწყებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონულ ტურნეს იწყებს. მთავრობის მეთაური 2-3 აპრილს სამეგრელოსა და აჭარას ესტუმრება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, 2 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილი სენაკის სამხედრო ბაზას დაათვალიერებს, რის შემდეგაც ანაკლიაში ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნობა. პრემიერი სოფელ ხურჩაში ახლად დაგებულ გზას გახსნის, ესტუმრება სასაზღვრო საგუშაგოს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. დღის მეორე ნახევარში ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში დევნილებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას დაათვალიერებს, ხოლო სოფელ რუხში – იმ ტერიტორიას, სადაც რეგიონალური საავადმყოფო აშენდება. პრემიერი ზუგდიდში დადიანების სასახლესაც ესტუმრება, რის შემდეგაც დაგეგმილია შეხვედრა მოსახლეობასთან. საქართველოს მთავრობის მეთაური ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნობა და დაათვალიერებს ციტრუსის დამხარისხებელ-შემფუთავ საწარმოს. დღის ბოლოს ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს. 3 აპრილს, ბათუმში დაგეგმილია შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბათუმის საზღვაო აკადემიასა და ახალგახსნილ მუსიკალურ სასწავლებელს დაათვალიერებს და სარფში ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობასაც გაეცნობა. ირაკლი ღარიბაშვილის რეგიონული ტურნეს პარალელურად, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე რეგიონის უმაღლეს სასწავლებლებში პრემიერის საგანმანათლებლო ინიციატივების პრეზენტაციას გამართავს. ზუგდიდში, სტუდენტებთან შეხვედრა შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტში, ხოლო ბათუმში შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართება.