ჩუღურეთის რაიონში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილესთან გიორგი ლილუაშვილთან, ჩუღურეთის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ჩუღურეთის რაიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. დავით ნარმანია ადგილზე გაეცნო აჭარის ქ. N10-ში შესრულებულ სამუშაოებს. აღნიშნულ ქუჩაზე 5600 კვ.მ. ფართობზე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ხოლო თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოების პროექტი უახლოეს პერიოდში მომზადდება. სამუშაოები 2017 წელს დაიწყება.
თბილისი მერი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ ის პროექტები გააცნო, რომლებიც ჩუღურეთის რაიონში წლის ბოლომდე განხორციელდება. დავით ნარმანიას თქმით, ყველა პროექტი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე დაიგეგმება.„მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, ჩუღურეთის რაიონში გაკეთდა ბავშვთა სპორტული მოედანი, კეთილმოეწყო რამდენიმე სკვერი და დაიგო გზა. მოგვარდა ის პრობლემები, რომლებიც ათეულობით წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო. დღეს ჩვენ ვხვდებით მოსახლეობას, რათა ამ უბანში წლის ბოლომდე განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ ვისაუბროთ და პროექტები მათთან ერთად დავგეგმოთ, რათა ეტაპობრივად მოვაგვაროთ ყველა ის საკითხი, რაც მოსახლეობას აწუხებს“ – განაცხადა თბილისის მერმა.
ჩუღურეთის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ობიექტზე კვლავ მიმდინარეობს. ტოლსტოისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება. აღნიშნული ტერიტორია ნაგავსაყრელად იყო ქცეული.
ივანე ჯავახიშვილის ქ.N18-ში, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, კიდევ ერთ ძველ თბილისურ ეზოს იერსახე შეუნარჩუნდა. განხორციელდა აივნებისა და კიბეების რეაბილიტაცია. 2016 წლის დასაწყისიდან დღემდე, ჩუღურეთის რაიონში თანადაფინანსებული პროექტებით სამუშაოები სულ 232 მისამართზე ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები