“ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგები უკვე აისახა საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე“

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე რეფერენდუმის შედეგებს აფასებს.
კალანდაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთსაც და ევროკავშირსაც დააზარალებს.
ექსპერტის ვარაუდით, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა საქართველოზე, კონკრეტულად კი, ეროვნულ ვალუტაზე უარყოფითად იმოქმედებს და წლის მეორე ნახევარში შესაძლოა, დოლარი გამყარდეს.
“ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგები, დღეს უკვე აისახა საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე. ბრიტანული გირვანქასტერლინგი მნიშვნელოვნად გაუფასურდა დოლართან მიმართებაში. სავარაუდოდ, ეს ტრენდი შენარჩუნდება. თავად ევროკავშირიც გარკვეული რისკების წინაშე აღმოჩნდება, ვინაიდან დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის მთავარი მოთამაშე იყო როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურადაც. აქედან გამომდინარე, გარკვეული ნეგატივებია მოსალოდნელი.
გარკვეული რისკები საქართველოზეც იქონიებს გავლენას. მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, დოლარის გამყარება და გაძლიერება სრულიად შესაძლებელია, გარკვეული რისკით მოევლინოს ქართულ ლარს. ვართ ღია ქვეყანა. მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული საერთაშორისო მოვლენებზე და შესაძლოა, გარკვეული რყევები გამოიწვიოს წლის მეორე ნახევარში, რაც, ბუნებრივია, გარკვეული რისკფაქტორია. ძალიან მნიშვნელოვანია, რას მოიმოქმედებს ეროვნული ბანკი და საქართველოს ხელისუფლება. თუმცა აუცილებელია, ლარმა თავისუფალი ცურვის რეჟიმში მოახერხოს დასტაბილურება.
საქართველოს დღეს აქვს საკმაოდ კარგი ტრენდი სავალუტო შემოდინებების თვალსაზრისით. ლარის გაუფასურებას ყოველთვის მოსდევს ლარის გამყარება. ლარი უახლოეს პერიოდში იპოვის წონასწორობის ახალ ნიშნულს“, – განაცხადა კალანდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები