მანანა კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ დეპუტატებს საპარლამენტო იმუნიტეტის თემაზე სიტყვით მიმართა.
პარლამენტის ინფორმაციით, მანანა კობახიძემ ამ მხრივ, საქართველოში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიოში იმუნიტეტი იმ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ-სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს, რომელიც პარლამენტის წევრის დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და მასზე პოლიტიკური ზემოქმედების შესაძლებლობის შემცირებას ემსახურება. მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს, სადეპუტატო იმუნიტეტის საკითხთან დაკავშირებით, ქართულ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები დეტალურად გააცნო.
„2004 წლის აპრილში, საქართველოს კონსტიტუციიდან ამოღებულია სადეპუტატო იმუნიტეტის ის კომპონენტი, რაც პარლამენტის წევრის სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, პარლამენტის წინასწარი თანხმობის ვალდებულებას ეხებოდა. მაშინ ანალოგიური ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაშიც განხორციელდა. თუმცა, მოგვიანებით, 2010 წელს ”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ, კონსტიტუციურ დებულებებთან წინააღმდეგობის მიუხედავად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ჩანაწერი კვლავ აღადგინა. აღნიშნული ჩანაწერი საპარლამენტო იმუნიტეტის იმგვარ ფარგლებს ადგენდა, როგორიც კონსტიტუციაში უკვე აღარ იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა საკანონმდებლო კოლიზიას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მისივე თქმით, მოყვანილი რეტროსპექტივა მკაფიოდ წარმოაჩენს საქართველოს ხელისუფლების რეალურ მოტივაციას 2014 წლის შესწორებების განხორციელებისას.
როგორც მანანა კობახიძემ აღნიშნა, საქართველო აღარ არის ისეთი ტიპის ქვეყანა, სადაც საკანონმდებლო ცვლილებები ნებისმიერი მოქალაქის და, მით უმეტეს, დეპუტატის დევნის ინსტრუმენტად შეიძლება იქნეს გამოყენებული.
„ჩვენ დღეს ვაშენებთ თავისუფალ და დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელშიც დაცული და გარანტირებულია ადამიანის უფლებები. მინდა შეგახსენოთ, რომ საპარლამენტო იმუნიტეტი არ არის მხოლოდ პრივილეგია და არც ერთგვარი ფარი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. პირიქით, ჩვენ ჩვენი სტატუსი გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე, რომ ვიყოთ განსაკუთრებით კანონმორჩილი, სამაგალითო მოქალაქეები“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერს გამოეხმაურა.
„დოკუმენტში საუბარია, რომ 2014 წლის აპრილში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილება პარლამენტის ერთ-ერთი ოპოზიციონერი წევრის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას წარმოადგენდა და მისი იმუნიტეტის შესუსტებაზე ორიენტირდებოდა. მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ აღნიშნული ინფორმაცია აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ზემოთქმული შესწორებები ერთადერთ მიზანს – კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას ემსახურებოდა“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები