გიორგი კვირიკაშვილი: წინასაარჩევნო კამპანია, განსაკუთრებით ოპოზიციისთვის, უნდა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი

„მთელი წინასაარჩევნო კამპანია, განსაკუთრებით ოპოზიციისთვის, უნდა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარება მთავრობის ღირსების საკითხია.
„რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით, იმის თაობაზე, რომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აცილება.
ჩვენი მოწოდებაა, მაქსიმალურად მშვიდობიან გარემოში, ღირსეულად ჩავატაროთ ეს არჩევნები. მინდა დავამატო შემდეგი, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ამ პროცესის გამჭვირვალობა, ამიტომ მთელი წინასაარჩევნო კამპანია, განსაკუთრებით მინდა ვთქვა, რომ ოპოზიციისთვის წინასაარჩევნო კამპანია უნდა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, მმართველი ძალის წინასაარჩევნო კამპანიასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და მთელი ამ პროცესის გამჭვირვალობას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, როგორც პირადად მისი, ისე არაერთი მინისტრის მხრიდან მრავალ საერთაშორისო პლატფორმაზე გაჟღერდა მოწოდება და თხოვნა, რომ რაც შეიძლება ბევრი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ჩამოვიდეს საქართველოში და რაც შეიძლება ადრე, რომ მთელი ეს პროცესი გამჭვირვალე იყოს. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ექნება როგორც მედიისთვის წვდომას ამ პროცესების გაშუქების კუთხით, ასევე არასამათავრობო სექტორის ჩართულობას. მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა სახელმწიფო მოხელეს, უპირველეს ყოვლისა, რომ მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ ერთი კითხვის ნიშანიც კი მთელი ამ პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი მთავრობის ღირსების საკითხი, რომ შევძლოთ, მართლაც, დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება და სათანადოდ იქნას გაშუქებული მთელი ეს პროცესი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები