მანანა ნაჭყებია – მმართველი გუნდის წარმომადგენლები თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის შეფასებებზე არიან დამოკიდებულები

“ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მანანა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, დემოკრატიულ რეჟიმში ჩატარების შემთხვევაში, ქვეყნის განვითარებისთვის შესაძლოა, ერთგვარი ტრამპლინიც აღმოჩნდეს.
„კვირაში“ სტუმრობისას, ნაჭყებიამ მმართველი გუნდის საქმიანობაც შეაფასა და განაცხადა, რომ პოლიტიკური სუბიექტების ერთ-ერთი უმთვრესი სისუსტე ის არის, რომ ისინი თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის შეფასებებზე არიან დამოკიდებულბი.
„საინტერესო არჩევნები იქნება, არ ვუყურებ მოვლენებს განსაკუთრებული ტრაგიზმით, არის პოტენციალი იმისა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის წინგადადგმული ნაბიჯი გახდეს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი ისეთ კალაპოტში წავა, როგორც ეს სჭირდება ქვეყნის განვითარებას და არ მოხდება დაპირისპირება, პასუხისმგებლობა ამაზე, რა თქმა უნდა, მმართველ ძალას ეკისრება.
სამწუხაროდ, ეს ვერ ვიგრძენით კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით, რადგანაც ყველა ერთმნიშვნელოვნად ხელს იშვერდა „ნაციონალური მოძრაობისკენ“. მას მერე, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს მმართველი პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა იყო, ჩვენ დავინახეთ გადაბრუნებული ფირფიტები. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ თავიანთ დამოკიდებულებას ისინი ბიძინა ივანიშვილის ამა თუ იმ საკითხისადმი დამოკიდებულებას ადარებენ და თავად არანაირი პიროვნული დამოკიდებულება არ გააჩნიათ. ვთვლით, რომ დემოკრატიის განვითარებისთვის ეს ყველაზე დიდი საფრთხეა. მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის ხედვაზე და შეფასებებზე არიან დამოკიდებულები“,-განაცხადა ნაჭყებიამ.
მისივე განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უკვე გამოიკვეთნენ მთავარი მოთამაშეები, ესენი არიან: „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარის მტკიცებით, წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები იმით იქნება განსხვავებული, რომ წელს ერთმანეთს პრორუსული და პროდასავლური ძალები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. პრორუსული ძალების წარმომადგენლებიდან ნაჭყებიამ ის ადამიანები დაასახელა, რომლებიც, მისი განცხადებით, თამაზ მეჭიაურის პარტიის გარშემო იყრიან თავს.
„აქ ცენტრისტებზეა საუბარი – ხაჩიშვილი, მამალაძე და ასე შემდეგ. დამწკირვდნენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც პრორუსული ძალები არიან, თუმცა აუცილებლობა მოითხოვს, რომ თუ არ მოხდა პროდასავლური ძალების დაჯგუფება ერთ ბლოკში, მაშინ ისეთ პარლამენტს მივიღებთ, სადაც, უპირატესად, რუსეთზე ორიენტირებული პრორუსული ძალები იქნებიან წარმოჩენილი. ჩვენ ვცდილობთ, ასეთი ერთობა შედგეს. დღეს არ ვისაუბრებ, თუ რომელ ძალებზეა აქ საუბარი, რადგან, როგორც წესი, კარგი პარტნიორობა იმას ნიშნავს, რომ სანამ წერტილი არ დაესმება ყველაფერს, არ გამჟღავნდეს მოლაპარაკებების დეტალები. დიდი იმედი მაქვს, რომ პროდასავლური ძალები ამ საკითხს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან. თუ ეს შედგა, შედეგი ქვეყნისთვის ძალიან კეთილსაიმედო იქნება“,-განაცხადა ნაჭყებიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები