დიღომში მომხდარი ტრაგედიის დეტალები – რას ყვება ცნობილი ექიმი, რომლის ფარდულშიც ორი მუშა გარდაიცვალა

გაზეთ „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დიღმის მასივში, 15 ივნისის ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ორი ახალგაზრდა, ხოლო ერთი დაშავებული, ჭიათურელი მუშები იყვნენ, რომლებიც ცნობილი ონკოლოგის, ალექსანდრე თავართქილაძის სახლს აშენებდნენ, შემდეგ კი საგურამოში მუშაობდნენ. თუმცა დასაძინებლად ისევ ექიმის სახლის ეზოში მდგომ ფარდულში რჩებოდნენ.
დეტალების გასარკვევად „პრაიმტაიმი“ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.
„როგორც ყვებიან, ამ პაატას ეძახდნენ, გამოდი, გამოდიო. ის ზურა შესულა თურმე ამირანის გამოსაყვანად, მაგრამ ვერ მოასწრო. შემდეგ ზურა კარებთან ნახეს, როგორც ჩანს, შევიდა და ალბათ რამე დაეცა, ან ცეცხლი გადაყლაპა. გამოდის, რომ ზურამ გააღვიძა ეს პაატაც და მერეა შესული მის გამოსაყვანად. ეს ბიჭი, ზურა, პატარა იყო. ფარდულში ელექტროგაყვანილობა იყო. ტელევიზორი და მაცივარიც ჰქონდათ. სპეციალურად მაგათთვის იყო მოწყობილი ეგ შენობა. მშენებლობა რომ დაიწყეს, მანდ რჩებოდნენ“,- აცხადებენ ადგილობრივები.
გამოცემა სახლის მეპატრონეს, ექიმ ალექსანდრე თავართქილაძესაც ესუაბრა.
„ჩემი სახლი უკვე დასრულებულია. უბრალოდ, ჯერ არ გადავსულვარ. ახლაც იქიდან მოვდივარ. ეს მუშები მუშაობდნენ საგურამოში და ჩემი სახლის „პრარაბმა“ მთხოვა, რომ სანამ საგურამოში ააშენებდა სახლს, მანდ დარჩენილიყვნენ. ერთ-ერთი მუშა პაატა, რომელიც გადარჩა, გიორგის ცოლისძმაა. ამ მუშებთან მე ურთიერთობა არ მქონია. პატარა ფარდულია და რას მიშლიდნენ. გიორგის ვუთხარი, არავითარი პრობლემა არ არის-მეთქი. ფარდული აბსოლუტურად დამწვარია. მათი აშენებული იყო. შიგნით არც ვიყავი ნამყოფი. წინა ორი მხარე იყო აშენებული და უკანა ორისთვის ღობე-ბეტონი იყო გამოყენებული. როგორც ერთ-ერთი გადარჩენილი პაატა ამბობს, ერთ-ერთ მუშას უყვარდა ღამე საწოლში სიგარეტის მოწევა და შესაძლებელია ხანძარი ამან გამოიწვია. ვერ წარმომიდგენია, როგორ ვერ გამოასწრეს გარეთ. რომ იფიქრო, გაზის ბალონი აფეთქდა და ამან გამოიწვია, არაფერი ასეთი არ იყო, მაგრამ კარი რომ ღია იყო, ეს ფაქტია. იმიტომ, რომ კარი არ არის დამწვარი. ყველა ფანჯარა დამწვარია და კარი გადარჩენილია“,-განაცხადა ალექსანდრე თავართქილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები